"მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია" - პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

16.11.21 15:38
"მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია" - პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

საქართველოს პენიტენციური სამსახური ირწმუნება, რომ მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მესამე პრეზიდენტის სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია.

განცხადება სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, გიორგი ჩიდრაშვილმა, გააკეთა და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის ლაბორატორიული მაჩვენებლები ნორმაშია.

პაციენტი იმყოფება N18-ე სამკურნალო დაწესებულებაში სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. პაციენტის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ძირითადი სასიცოცხლო მაჩვენებლები - არტერიული წნევა, პულსი, სუნთქვა, სატურაცია, ნორმის ფარგლებშია. ასევე, ნორმის ფარგლებშია ძირითადი ლაბორატორიული მაჩვენებლები.  ინტენსიურად უტარდება ლაბორატორიული და სხვა დიაგნოსტიკური გამოკვლევები", - განაცხადა ჩიდრაშვილმა.

მისივე მტკიცებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი უზრუნველყოფილია შესაბამისი სამედიცინო მომსახურებით.

დღეის მდგომარეობით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მუდმივი კონტროლის ქვეშაა და საფრთხე არ ემუქრება. რაც შეეხება კონსილიუმს, ის არ შეჩერებულა, ძალაშია კონსილიუმის არსებობა“ - თქვა მან.

 

მსგავსი სიახლეები