სინდისის პატიმრების გათავისუფლების და ქმედითი ნაბიჯების გარეშე შერიგება ვერ შედგება - ოპოზიცია
ოპოზიციას არ აქვს მოლოდინი, რომ "ქართული ოცნება" სინდისის პატიმრებს შეიწყალებს. "ოცნების" ოპონენტები პირდაპირ ამბობენ, რომ საზოგადოებრივი შერიგება და ეროვნული კონსოლიდაცია მხოლოდ რეალური გადაწყვეტილებებით იქნება შესაძლებელი და არა განცხადებებით.
„ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრი თამაზ დათუნაშვილი ამბობს, რომ ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯი ე.წ. სინდისის პატიმრების გათავისუფლება და ფართომასშტაბიანი ამნისტიის საკითხის განხილვაა.
თუ ლაპარაკი არის რაიმე ფორმით შერიგებაზე, თუ ლაპარაკი არის იმაზე, რომ ამ ქვეყანაში რაღაც პროცესი უნდა დაიწყოს, რომელი პროცესიც იქნება საზოგადოების გაერთიანება, საზოგადოების შერიგება, საზოგადოების კონსოლიდაცია, ეს პროცესები ვერასდროს განხორციელდება რაღაცა ფეისბუქზე სიტყვის კონტროლით და მორალის პოლიციის როლის აღებით, არამედ ასეთი რამ შეიძლება, დაიწყოს მხოლოდ ქმედითი ნაბიჯების გადადგმით. სინდისის პატიმრების გათავისუფლება შეიძლება, იყოს ქმედითი ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ სინდისის პატიმრების გათავისუფლების მიღმა ამ ქვეყანას სჭირდება სამართლიანი და ბევრად უფრო ფართომასშტაბური ამნისტია, იმიტომ, რომ სავალალო ვითარებაში არიან ჩვენი პატიმრები დღეს, - ამბობს თამაზ დათუნაშვილი.
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ არსებული პოლიტიკური ვითარების შეცვლა მხოლოდ საზოგადოების გაერთიანებითაა შესაძლებელი. მისივე თქმით, ივანიშვილის გუნდისგან დათმობებს არ ელოდება.
ყველაფერი მოხდება მას შემდეგ, რაც ჩვენ საყოველთაო კონსოლიდაციას და გაერთიანებას შევძლებთ. ამიტომ არის 26 მაისი ჩემთვის სტარტი. ამ მხრივ, ამ ადამიანებიგან, რომლებსაც დღეს მიტაცებული აქვთ ძალაუფლება, ჩვენ სიკეთეს არ უნდა ველოდოთ, იმიტომ, რომ ბოროტების წყაროა, ზოგადად, ეს ადამიანები. ამიტომ მხოლოდ და მხოლოდ ერთ მუშტად შეკრულ ხალხს შეუძლია, რომ დაამარცხოს ის, რაც დღეს ხდება ქვეყანაში. ნამდვილად არ ვარ მოწყალების მოლოდინში ადამიანებიგან, ვინც ამდენი დანაშაული ჩაიდინა ქვეყანაში, - ამბობს გიორგი ვაშაძე.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, საბა ბუაძის შეფასებით, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანების არსებობა ქვეყანაში კრიზისს კიდევ უფრო ამძაფრებს და მათი გათავისუფლება პოლიტიკური გარემოს გაჯანსაღების მნიშვნელოვანი წინაპირობა იქნება.
ის, რომ ათობით უდანაშაულო ადამიანი არის საპატიმროში საკუთარი პოლიტიკური პოზიციის გამო, რასაკვირველია, ჩვენს საზოგადოებაში აღრმავებს იმ დაძაბულობას, რომელიც აბსოლუტურად ყველა სფეროს ძალიან მკაფიოდ ეტყობა და ამ ადამიანების გათავისუფლება, რასაკვირველია, მნიშვნელოვანი წინაპირობა იქნება იმისთვის, რომ პოლიტიკური პროცესის გაჯანსაღება დაიწყოს, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ ჯერჯერობით ამის ნიშანწყალს ვერ ვხედავთ. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს აქეთ მხარეს სრული მზაობა ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა მხრიდან, მათ შორის სასულიერო დასიდან კეთდება მოწოდებები, "ქართულ ოცნებას" ჯერჯერობით არაფერი ეტყობა, რომ ის აპირებს ამ უდანაშაულო ადამიანების გათავისუფლებას, - ამბობს საბა ბუაძე.
მიხეილ ყაველაშვილმა მისი უწმინდესობის აღსაყდრებასთან დაკავშირებით საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა. სასახლეში იმყოფებოდნენ შიო მესამე და სინოდის სხვა წევრები.
პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრას ჩეხეთისა და სლოვაკეთის მიტროპოლიტი, უნეტარესი როსტისლავი, ალექსანდრიის, რუსეთის, სერბეთის, ბულგარეთის, ელადის, ალბანეთის, პოლონეთისა და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგნელები დაესწრნენ.