"ოცნების" ორმაგი სტანდარტი" - იუსტიციის სასწავლო ცენტრი გერმანიის ფინანსური მხარდაჭერით, ქართული ენის უფასო კურსებს აანონსებს
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ი, იუსტიციის სასწავლო ცენტრი გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, ქართული ენის უფასო ონლაინ კურსების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
პროგრამა ეთნიკურ უმცირესობებს ქართული ენის შემსწავლელ კურსებს სთავაზობს. ამის შესახებ იუსტიციის სასწავლო ცენტრი სოციალურ ქსელში წერს.
თემაზე "პირველებმა" კითხვა დღეს საკანონმდებლო ორგანოში დასვა - "ქართული ოცნების" წევრის, არჩილ გორდულაძის მტკიცებით, მას არ აქვს ინფორმაცია ვინ აფინანსებს აღნიშნულ ცენტრს.
ამასთან, მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის გუნდს გერმანიაზე არასდროს უთქვამს, რომ საქართველოს მტერია.
მე არ მაქვს ინფორმაცია, თუ ვინ აფინანსებს, როგორ აფინანსებს და საერთოდ რა ფორმით ფინანსდება. ერთი რაც შემიძლია გითხრათ, იუსტიციის სასწავლო ცენტრს აქვს თავისი შემოსავლებიც მათ შორის, რომლებითაც არაერთი ტრენინგი ტარდება.
ჩვენ არასდროს არ გვითქვამს, ცალკე აღებული გერმანიასთან დაკავშირებით, ან ცალკე აღებული გაეროსთან დაკავშირებით, რომ ისინი არიან ჩვენი ქვეყნის მტრები, ეს არის მტკნარი სიცრუე, დეზინფორმაცია," - ამბობს არჩილ გორდულაძე.
ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ გერმანიისგან თანხის მიღება ორმაგის სტანდარტების მაჩვენებელია.
კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ "ქართულ ოცნებას' სინდისი არ შეაწუხებს, ფულსაც აიღებს, სათავისოდ გამოიყენებს და შემდეგ ისევ გერმანიას დაუწყებენ ლანძღვას.
სინდისი შეაწუხებთ, თუ რატომ არ აიღებენ, აიღებენ, გამოიყენებენ მაგასაც იმაში, რომ პოლიტიკური ქულები ჩაიწერონ, არ ეტყვიან იქ ხალხს, რომ ეგ არის სინამდვილეში გერმანიის გადასახადების გადამხდელთა ფული, გაყიდიან ამას, როგორც თვითონ მზრუნველი მთავრობა, რომელმაც იზრუნა, რომ ქართული ენის პოპულარიზაცია მოახდინოს და ამით ჩაიწერენ პოლიტიკურ დივიდენტებს. მერე გამოვლენ და გერმანიას დაუწყებენ ლანძღვას, ჩვენც დაგვიწყებენ ლანძღვას, რომ ჩვენ ვართ გერმანიის აგენტები," - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.
"ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრი, გიორგი სიორიძე აღნიშნავს, რომ "ოცნება" გერმანიას უმადურობით და ანტი-დასავლური რიტორიკით პასუხობს, შემდეგ კი მათგან თანხას იღებს, რაც "ოცნებისთვის" მახასიათებელი ორმაგი სტანდარტია".
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა იყო პირველი სახელმწიფო, რომელმაც დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა საქართველოსთან 1992 წელს და მას მერე ამ ქვეყნის ინსტიტუციური განვითარებისთვის, სოციალური პროგრამებისთვის, სამართლის განვითარებისთვის აქვს ფასდაუდებელი და ყველაზე დიდი წვლილი შეტანილი.
მეორეს მხრივ, ჩვენ ვხედავთ "ქართულ ოცნებას", რომელიც არის პირველი ხელისუფლება ამქვეყნის ისტორიაში, რომელიც გერმანიას ასეთი უმადურობით, ასეთი ანტი-დასავლური, ანტი-გერმანული რიტორიკით პასუხობს და ამავდროულად, რა თქმა უნდა, ჩუმად იღებენ, ისე რომ ამაზე სიტყვაც არ დასცდებათ ხოლმე, ამ სახელმწიფოსგან დახმარებას დღემდე. ეს არის "ქართული ოცნებისთვის" მახასიათებელი ორმაგი სტანდარტი," - აღნიშნა გიორგი სიორიძემ.
მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატის, თეონა აქუბარდიას თქმით, იმას, რომ დასავლეთის მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნშვნელოვანია ქართველი ხალხისთვის, იუსტიციის სამინისტროს მიერ მათგან ფულის აღებაც მოწმობს.
ის, რომ დასავლეთის მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნშვნელოვანია ქართველი ხალხისთვის და საქართველოსთვის, მიუხედავად პროპაგანდისა და მიუხედავად რუსული კანონებისა, ამას მოწმობს იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია "ქართული ოცნების" ენის შესწავლასთან დაკავშირებით, გერმანიის მხარდაჭერის ჭრილში და ეს ის გერმანიაა, სადაც ისწავლა შალვა პაპუაშვილმა და ირაკლი კობახიძემ და ეს ის გერმანიაა, რომელზეც ისინი ყოველდღიურად ლანძღავენ მიუხედავად იმისა, რომ მიუხედავად იმისა, იღებენ დაფინანსებას, რათა ქართული ენა შეისწავლოს ხალხმა. შესაბამისად, ორმაგი სტანდარტების მაჩვენებელია ეს ყველაფერი და კიდევ ერთხელ მოწმობს იმ ბრძოლას ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, რასაც "ქართული ოცნება" აწარმოებს," - თქვა აქუბარდიამ.