თუ ექიმების პოზიცია იქნება, რომ ციხის დაწესებულებაში პირობები არ არის, სააკაშვილი უნდა იქნას გადაყვანილი - სერგეენკო

17.11.21 13:12
თუ ექიმების პოზიცია იქნება, რომ ციხის დაწესებულებაში პირობები არ არის, სააკაშვილი უნდა იქნას გადაყვანილი - სერგეენკო

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, დავით სერგეენკო, აცხადებს, რომ თუკი ექიმების კონსოლიდირებული პოზიცია იქნება, რომ ციხის სამკურნალო დაწესებულებაში პირობები არ არის და მიხეილ სააკაშვილი გადასაყვანია, ის უნდა გადაიყვანონ სამოქალაქო კლინიკაში.  

სერგეენკოს თქმით, სასჯელაღსრულების სისტემისა და სამოქალაქო სექტორის ექიმები ერთად უნდა დასხდნენ და გადაწყვეტილება ობიექტურ მონაცემებზე დაყრდნობით მიიღონ.

აქამდე ასეთი კონსოლიდირებული პოზიცია არ მინახავს. ვნახულობ ცალკეულს - პირობითად ადრინდელი კონსილიუმის წევრების ნაწილის, გუშინდელი კონსილიუმის წევრების ნაწილის და ცალკე - სასჯელაღსრულების სისტემის ექიმების. გადამწყვეტი უნდა იყოს კონსოლიდირებული პოზიცია და არა პოლიტიკური პოზიცია“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

სერგეენკოს თქმით, ამ გადაწყვეტილების მიღებაში პოლიტიკის ჩარევა სიტუაციას უფრო ძაბავს. 

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პაციენტის მოვლა პოლიტიკოსებმა ექიმებს აცალონ. შიმშილობის დროს სავარაუდო გართულებებზე, რა ეტაპზე რა შეიძლება მოხდეს - ამაზე არის საერთაშორისო, წარმოუდგენლად დეტალური პროტოკოლები, სადაც ყველა პარამეტრი არის თვლადი. ამ პროტოკოლთან შესაბამისობაში უნდა შემოწმდეს და თუკი რაიმე შეიძლება ადგილზე გამოსწორდეს, გამოსწორდეს ადგილზე, ხოლო თუკი გამოსწორება ადგილზე შეუძლებელია, იზრუნონ პირობებზე, სადაც ეს იქნება“, - თქვა სერგეენკომ.


 

მსგავსი სიახლეები