ნადირობა ლეიბებზე - ზუგდიდის საკრებულოს შენობაში კრიმინალური პოლიციაა მობილიზებული
დაპირიპირება ზუგდიდის საკრებულოს შენობაში - ადგილზე კრიმინალური პოლიციაა მობილიზებული. ადმინისტრაციული შენობაში ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილზე "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ანი წითლიძე ლეიბებით მივიდა.
დეპუტატს აღნიშნული ნივთების მიტანა შენობაში მყოფი მოშიმშილეებისთვის სურდა, თუმცა ამის უფლებას მას თავდაპირველად საკრებულოს დაცვა არ აძლევდა. ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ ადგილზე კრიმინალური პოლიცის მობილიზება გახდა საჭირო.
საბოლოო ჯამში, წითლიძემ მოშიმშილე დეპუტატებისთვის ლეიბების შეტანა მაინც მოახერხა.
ანა წითლიძე "ტვ პირველთან" ამბობს, რომ ხელისუფლებამ კიდევ ერთი არალეგიტიმური და არაკანონიერი პროცესი დაიწყო. უფრო კონკრეტულად, პარლამენტის წევრის თქმით, ცენტრალური ხელისუფლების დავალებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის კი ზუგდიდშიც ვადაგასულმა საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო.
ბოლო ინფორმაციით, ზუგდიდში, ენმ-ს ფრაქციის დარბაზში მოშიმშილე დეპუტატებმა და ექიმმა მალხაზ ჯალაღონიამ საკრებულოს სხდომათა დარბაზში გადაინაცვლეს. ისინი ამიერიდან სწორედ ამ ოთახში იშიმშილებენ.
მოშიმშილე დეპუტატები ამბობენ, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას 2022 წლის ბიუჯეტის დაჩქარებული წესით მიღების საშუალებას არმისცემენ.