“ფაშინიანის დამხობა ივანიშვილის სცენარით” - რუსული დაზვერვიდან გამოჟონილ ინფორმაციაზე თბილისში პოლიტიკური შეფასებები გაკეთდა
რუსეთის შესაძლო ჩარევა სომხეთის პოლიტიკურ პროცესებში და „ქართული სცენარის“ გამეორების საფრთხე — სომხური მედიის მიერ გავრცელებულმა სკანდალურმა დოკუმენტმა თბილისში პოლიტიკური შეფასებები გამოიწვია. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კრემლი სომხეთში იმავე ჰიბრიდული მეთოდებით მოქმედებას ცდილობს, როგორითაც, მათი შეფასებით, 2012 წელს საქართველოში ხელისუფლების ცვლილებას უწყობდა ხელს. მათი თქმით, მოსკოვის მიზანი სომხეთში პროდასავლური ხელისუფლების შეცვლა და გავლენის აღდგენაა, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ ნიკოლ ფაშინიანი არჩევნებში გამარჯვებას შეძლებს.
კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ფაშინიანის ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი საქართველოს ხელისუფლებისთვის სწორედ სომხეთის შიდა პროცესებში ჩაურევლობა იყო.
ფაშინიანის აქ ვიზიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ბიძინა ივანიშვილისთვის შეხსენება, რომ ამაში არ უნდა ჩაერიოს, ამის მცდელობები იყო საქართველოს მხრიდან, ორმაგი მოქალაქეობის ორგანიზების და რუსი ოლიგარქისთვის სომხეთში მხარდაჭერის. მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს ისევ ხდებოდეს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ფაშინიანი ამ არჩევნებში გაიმარჯვებს, ამაში ვარ დარწმუნებული. სომხებიარ შეცდებიან, თან საქართველოს მწარე მაგალითი ნანახი აქვთ და ასევე თავადაც აქვთ გამოცდილება რუსი ოლიგარქები როგორ იტცებენ ქვეყანას და იპარავენ ყველაფერს რაც შეიძლება და არ შეიძლება, - ამბობს ნიკა გვარამია.
რუსეთის მხრიდან ოლიგარქებისა და ფინანსური გავლენების გამოყენებაზე საუბრობს გიორგი ვაშაძეც, რომელიც ამბობს, რომ კრემლი სომხეთში იმავე ჰიბრიდული მეთოდებით ცდილობს მოქმედებას, რაც წლების წინ საქართველოში გამოიყენა.
რუსეთს კარგად დამუშავებული ჰიბრიდული იარაღი აქვს - ოლიგარქების შეგზავნა, ფულებით ხალხის მოსყიდვა, რაც, სამწუხაროდ, თავის დროზე განხორციელდა საქართველოში, ახლა იგივე შეიძლება, მოხდეს სომხეთში, თუმცა, ჩემი პროგნოზით, ეს სომხეთში ამჯერად ვერ მოხდება. რასა მე ვუყურებ წინასაარჩევნო განწყობებს და რეიტინგებს, ფაშინიანს აქვს ძალიან დიდი უპირატესობა და ალბათ მისი გამარჯვებით დამთავრდება ეს ყველაფერი, მაგრამ, რა თქმა უნდა, რუსეთის მიერ დამუშავებული ჰიბრიდული იარაღი მოქმედებაშია იქაც, - ამბობს გიორგი ვაშაძე.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე კი პირდაპირ პარალელს ავლებს 2012 წლის ქართულ პოლიტიკურ პროცესებსა და დღევანდელ სომხეთს შორის.
რასაც ახლა სომხეთში ცდილობს ფაშინიანის წინააღმდეგ, ეს რუსეთმა გააკეთა 2012 წელს სააკაშვილის და ენმ-ს წინააღმდეგ. რუსეთის სტილი არის ეს, როდესაც ხედავს, რომ მისთვის, მისი გავლენის ქვეყანაში, როგორც მას წარმოუდგენია , რომ რომელიღაც ქვეყანა არის მისი გავლენის, კონკრეტული ხელისუფლება მოდის, რომელიც არ ითვალისწინებს რუსეთის ამბიციებს, მერე იწყებს მასთან ბრძოლას იმ მეთოდებით, რა მეთოდებითაც ის ახლა ებრძვის ფაშინიანს, იმიტომ, რომ სომხეთის დაკარგვა რუსეთისთვის არის გეოპოლიტიკური კატასტროფა და სომხეთმა ძალიან მკაფიოდ აირჩია ევროპული გზა, - ამბობს ანა წითლიძე.
გიგია ლემონჯავას შეფასებით, რუსეთის ინტერესია სომხეთის არჩევნებზე გავლენის მოხდენა, თუმცა არსებული ხელისუფლების მაღალი რეიტინგი და დასავლეთის მხარდაჭერა კრემლის გეგმებს ართულებს.
ბუნებრივია, რომ რუსეთის ინტერესია, რომ ფაშინიანმა წააგოს არჩევნები, რუსეთმა მოახდინოს ჩარევა და რაიმე გავლენა ამ საარჩევნო პროცესზე. ეს არის ფაქტი. სომხეთის მოქმედ ხელისუფლებას აქვს ძალიან მაღალი რეიტინგი. ასევე ვარ დარწმუნებული, რომ ძირითად პოლიტიკურ ძალებს შორის სომხეთის არსებული ხელისუფლება არის გამოკვეთილად პროდასავლური და მას აქვს არა მხოლოდ სომხეი ხალხის მხარდაჭერა, არამედ დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერაც, რაც მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა ვერ შეძლოს მავნე გავლენის ოპერაციები სომხეთის არჩევნებზე, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ სომხეთი გაივლის ამ ტესტს და ფაშინიანი გაიმარჯვებს ამ არჩევნებში, - ამბობს გიგია ლემონჯავა.
რუსეთი სომხეთში „საქართველოს სცენარის“ გათამაშებას გეგმავს — სომხური მედია რუსული დაზვერვის სავარაუდო საიდუმლო დოკუმენტს აქვეყნებს, სადაც განხილულია 2012 წლის ქართული მოვლენები და ის მეთოდები, რომლითაც, მათი მტკიცებით, კრემლი საქართველოში პოლიტიკური ძალაუფლების ცვლილებას უწყობდა ხელს. გამოცემა წერს, რომ მოსკოვი სომხეთში ანალოგიური სქემით მოქმედებას განიხილავს და ქვეყნის სათავეში ოლიგარქ სამველ კარაპეტიანის მოყვანას გეგმავს — იმავე მოდელით, როგორითაც, დოკუმენტის ავტორების შეფასებით, საქართველოში ბიძინა ივანიშვილი გაძლიერდა.