სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება - ციხის ექიმი
ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგის, სანდრო მათეშვილის, თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პენიტენციურ სამსახურში გამართულ ბრიფინზე მედიკოსმა განაცხადა, რომ მესამე პრეზიდენტი 3 დღის განმავლობაში არ იღებდა მედიკამენტებს, რის გამოც მდგომარეობა გაუარესებული იყო, თუმცა ამ ეტაპზე ლაბორატორიული მონაცემები გაუმჯობესებულია.
იქიდან გამომდინარე, რომ პაციენტი ბოლო 3 დღე არ იღებდა მედიკამენტებს, აღნიშნული იყო ლაბორატორიული მონაცემების ცვლილებები. გუშინვე პაცინეტმა მიიღო ყველა დანიშნული მედიკამენტი და შესაბამისად, ლაბორატორიული მონაცემები, მათ შორის, კალიუმის დონე, გაუმჯობესდა. დღეისათვის პაციენტი აგრძელებს დანიშნული მედიკამენტების მიღებას. მისი მდომარეობა არის სტაბილური. ძირითადი სასიცოცხლო მონაცემები - პულსი, წნევა, სატურაცია, სისხლში გლუკოზის დონე- ნორმის ფარგლებშია. დღეის მდგომარეობით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - თქვა სანდრო მათეშვილმა.