სააკაშვილის სიცოცხლე და ჯანმრთელობა - პრეზიდენტი ხელისუფლებას მოვალეობებს ახსენებს

17.11.21 18:51
სააკაშვილის სიცოცხლე და ჯანმრთელობა - პრეზიდენტი ხელისუფლებას მოვალეობებს ახსენებს

"ნებისმიერი სახელმწიფოსთვის ყოფილი პრეზიდენტის დაპატიმრება არის ძალიან დიდი გამოწვევა"- ამის შესახებ საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. 

მისივე შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება კანონის წინაშე თანასწორობასა და სამართლიანობას ეფუძნება.

კანონის წინაშე ყველა თანასწორია, შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება კანონის უზენაესობიდან გამომდინარეობს. ეს მას კარგად გააზრებული ჰქონდა და მიუხედავად ამისა, ჩამოვიდა, თანაც უკანონოდ. კანონის წინაშე ყველა ერთია, მაგრამ სასჯელის აღსრულების დროს ციხეში მყოფი ექსპრეზიდენტი ვერ იქნება რიგითი პატიმარი, იგი განსაკუთრებული პატიმარია. ყველა აკვირდება მის მდგომარეობას და მოითხოვს უმაღლესი სტანდარტების შესრულებას.

ჩვენი ქვეყნის სახე იმაში გამოიხატება, თუ როგორ მოვეპყრობით მას და როგორ იქნება დაცული მისი ღირსება, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. ამდენად, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რეგულარულად ვიღებდით ინფორმაციას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ"- აღნიშნა საგანგებო ბრიფინგზე ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტმა. 

მისი თქმით,  ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობა უნდა იყოს განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ.

ეს იწვევს განსაკუთრებულ საზოგადოების ინტერესს, რადგან ყველა ხვდება, რომ პრეზიდენტების ჯანმრთელობა სახელმწიფოს ეხება და შესაძლოა, გავლენა იქონიოს სახელმწიფოს სტაბილურობაზე. ქვეყნის დესტაბილიზაციის მიზეზი კი, შესაძლოა ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობა გახდეს.  ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის შენარჩუნებით ყველაზე დაინტერესებული ხელისუფლება უნდა იყოს... საზოგადოებას უფლება აქვს,ჭორების ნაცვლად, ყოველდღიურად მიიღო სრულყოფილი, მიუკერძოებელი და სანდო ინფორმაცია მისი ჯანმრთელობისა და ანალიზების შესახებ. მივმართავ ხელისუფლებას, რომ დაუყოვნებლივ შეუდგეს ამ ვალდებულების სრულად შესრულებას და არა ნაწილობრივად"- თქვა ზურაბიშვილმა. 

 

მსგავსი სიახლეები