ქება მოსკოვიდან — ოპოზიცია "ქართულ ოცნებას" აკრიტიკებს
მოსკოვი საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკას დადებითად აფასებს. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ კრემლიდან მორიგი პოზიტიური შეფასება მიიღო. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ, განაცხადა, რომ თბილისმა მრავალვექტორული პოლიტიკის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი და ამ კურსს დადებითად შეაფასა.
ზახაროვამ ასევე ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ ურთიერთობებზე და აღნიშნა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. მისი თქმით, ეს გარემოება ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობას ქმნის.
კრემლის წარმომადგენლის განცხადებებს საქართველოში პოლიტიკური გამოხმაურება მოჰყვა. ოპოზიციის წარმომადგენლები და ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ რუსეთის მხრიდან "ოცნების" ხელისუფლების მიმართ გაკეთებული პოზიტიური შეფასებები ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებულ კითხვებს აჩენს.
ამავე განცხადებაში მარია ზახაროვამ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი კვლავ ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად მოიხსენია. საკითხთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაუვრცელებია.
ვრცლად ნახეთ ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში.