ვინ არის და რა ვიცით შსს-ს „სისტემური მონიტორინგის“ სამმართველოს უფროსის შესახებ
"სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილი სამმართველოს" უფროსად თამთა ქიმბარიშვილი დაინიშნა - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
თამთა ქიმბარიშვილის თქმით, სამმართველო საქმიანობას დღეიდან 10 თანამშრომლით შეუდგა.
“სამმართველოს ფუნქციაა, სოციალურ ქსელსა თუ მედიაში საჯაროდ გავრცელებული შეურაცხმყოფელი, ადამიანის ღირსების შემლახველი, სიძულვილის ენის შემცველი განცხადებების მონიტორინგი და პროაქტიული გამოვლენა, რომელიც შეიცავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნებს. აღნიშნული სამმართველო გამოავლენს სავარაუდო სამართალდარღვევას, გამოავლენს სავარაუდო სამართალდარღვევის ჩამდენ პირს, მოახდენს მის იდენტიფიცირებას, ადმინისტრაციული წარმოების მასალების მომზადებას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას და განსჯადობის წესების დაცვით, აღნიშნული მასალების საერთო სასამართლოებში გადაგზავნას. საწყის ეტაპზე, სამმართველოს თანამშრომელთა რაოდენობა განისაზღვრა 10 საშტატო ერთეულით. სამმართველოს თანამშრომლები საქმიანობას განახორციელებენ ქვეყანაში უკვე არსებული რეგულაციების საფუძველზე”, - განაცხადა ქიმბერიშვილმა.
ვინ არის თამთა ქიმბარიშვილი
თამთა ქიმბარიშვილი იყო შსს-ს იურისტი. მისი შეურაცხყოფის გამო - Facebook პოსტზე კომენტარის გამო - მოქალაქე, დიანა გოგოლაძე 2500 ლარით 2025 წლის ივნისში დააჯარიმეს.
რა მოხდა?
2025 წლის 27 აპრილს ქიმბარიშვილის ფოტო ფეისბუკზე „ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა გამოაქვეყნა. პოლიტიკოსმა შს სამინისტროს იურისტს „მონა–ჯალათი, სადისტი და პოტენციური მკვლელი“ უწოდა. ერთ-ერთი, კომენტარი დიანა გოგოლაძეს ეკუთვნოდა. მან ქიმბარიშვილი არაეთიკურად მოიხსენია, რის შემდეგაც იურისტმა მოქალაქეს უჩივლა.