გულბაათ რცხილაძე მზადაა, ითანამშრომლოს ჩვენი ქვეყნის სპეცსამსახურებთან - ადვოკატი
ჯაშუშობაში ბრალდებული გულბაათ რცხილაძე მზად არის, საქართველოს სპეცსამსახურებთან ითანამშრომლოს - ამის შესახებ განცხადება დაკავებულის ადვოკატმა ლაშა გოლუბიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, სასამართლო პროცესზე რცხილაძემ კატეგორიულად უარყო რომელიმე ქვეყნის ჯაშუშობა ან სხვა ქვეყნის სასარგებლოდ მოქმედება.
"ქართველია, პატრიოტი ადამიანია და მზადაა ითანამშრომლოს ჩვენი ქვეყნის სპეცსამსახურებთან"- უთხრა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ მედიას ჯაშუშობაში ბრალდებული გულბაათ რცხილაძის ადვოკატმა.
ლაშა გოლუბიანის თქმით, დაკავებული ბრალს არ აღიარებს.
„თუ რამით დაეხმარება, გულბაათი მზადაა გამოკითხონ ორი დღის განმავლობაში, თუ უნდათ, იქ ვიქნები მეც და თუ რამე კითხვები აქვთ, გამოკითხონ. პირდაპირ რომ გაქანდნენ და განჩინება აიღეს დაკავებაზე და შუაღამით შეუვარდნენ ჩხრეკაზე, რა საჭიროება იყო ამისი? ჯერ დაებარებინათ, გამოეკითხათ. გამოძიება მიმდინარეობს დიდი ხნის განმავლობაში.
დაკავების შემდგომ მან გამოიყენა დუმილის უფლება, ბრალი არ აღიარა, ეს არის დაფიქსირებული გამოკითხვის ოქმში“,- განაცხადა ადვოკატმა.
მისი თქმით, გულბაათ რცხილაძეს სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებთან კავშირი არ ჰქონდა და მათი დავალებით არ მოქმედებდა.
თვითონ აღიარა პროკურორმა რეპლიკების დროს, რომ დაშვება არ ჰქონდა ბატონ გულბაათს საიდუმლო ინფორმაციასთან, მაშინ რა ინფორმაცია გადასცა, მათ ლოგიკას რომ მივყვეთ?! ერთია რას შეკერავენ და მეორეა რა გახდა დაკავების რეალური მიზეზი. რა საჯარო აქტივობაც ჰქონდა გულბაათს, ეგენია მტკიცებულებებში, თუ მაგის გამოა დამნაშავე, აქამდე რატომ არ დაიჭირეს?! არ არის კონსპირაციული შეხვედრები, საჯარო შეხვედრებია. მისი საჯარო აქტივობები კონკრეტული ჩანაწერებია იქ და ვერ ვიტყვი დეტალურად რა ჩანაწერებია, მაგრამ ამ მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ რაიმე დანაშაულებრივი ქმედება ჩაიდინა ან რომელიმე ქვეყნის ჯაშუშია“,- განაცხადა ადვოკატმა.
ჟურნალისტების კითხვაზე, უდასტურდება თუ არა მას თანხის აღება, ადვოკატმა თქვა, რომ „გარკვეულ საქმიანობას რომ ახორციელებ ადამიანი და ჰონორარს იღებ, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა".
"ეს ჯაშუშური ქმედება არ იყო. მაგალითად წიგნი რომ თარგმნა, ახალი წიგნი გამოუშვა, კონფერენციებში გარკვეულ ჰონორარს იღებდა. სამამულო ომის შესახებ დაწერილი წიგნი აქვს“, - განაცხადა ადვოკატმა.
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გულბაათ რცხილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლელა მარიდაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გულბაათ რცხილაძე ჯაშუშობის ბრალდებით 30 მაისს დააკავა.
სუს-ში აცხადებენ, რომ ბრალდებული ერთდროულად თანამშრომლობდა ორი უცხო სახელმწიფოს სპეციალურ სამსახურებთან და ახორციელებდა პარალელურ სადაზვერვო საქმიანობას.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ პასუხობს კითხვას, რომელია ის ორი ქვეყანა, რომელსაც, გამოძიების ვერსიით, ბრალდებული სადაზვერვო ინფორმაციას აწვდიდა.
- გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის 1 ნაწილით, რაც სასჯელის სახით 8-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.