"მიუხედავად "ოცნების" მიერ დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების დაზიანებისა, საქართველოსთვის შესაძლებლობის ფანჯარა კვლავ ღიაა" - გეგელია
"ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია შეერთებული შტატების საელჩოს დღევანდელ განცხადებას ეხმაურება.
ოპოზიციონერი ლიდერი აღნიშნავს, რომ მიუხედავად "ქართული ოცნების" მიერ დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების დაზიანებისა, საქართველოსთვის შესაძლებლობის ფანჯარა კვლავ ღიაა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება ადასტურებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან გრძელვადიან სტრატეგიულ პარტნიორობაზე უარს არ ამბობს და ჩვენი ქვეყანა კვლავ რჩება აშშ-ის ინტერესის მნიშვნელოვან სფეროდ.
მნიშვნელოვანია, რომ ვაშინგტონი მზადყოფნას გამოთქვამს საქართველოსთან ურთიერთობის ახალი ეტაპისთვის, თუმცა ამავე დროს მკაფიოდ მიუთითებს, რომ ურთიერთობის სრულფასოვანი აღდგენა კონკრეტულ ნაბიჯებს საჭიროებს. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მიუხედავად „ქართული ოცნების“ მიერ დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების დაზიანებისა, საქართველოსთვის შესაძლებლობის ფანჯარა კვლავ ღიაა.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ აშშ განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ოპოზიციის მონაწილეობასა და წარმომადგენლობაზე. გზავნილი ნათელია - ფუნქციონალური დემოკრატია საჭიროებს ძლიერ ოპოზიციას და მის მონაწილეობას პოლიტიკურ ინსტიტუტებში.
„ძლიერი საქართველო - ლელო“ სწორედ ამ პოზიციას იცავდა თავიდანვე: საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი მოითხოვს ბრძოლას ყველა დემოკრატიულ ფრონტზე, მათ შორის პირველ რიგში არჩევნების გზით," - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.