უწყვეტი პროტესტი გრძელდება - როგორია მოშიმშილეების მდგომარეობა
მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით უწყვეტი პროტესტი გრძელდება. პარლამენტში მოშიმშილე "დროას" ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება. ელენე ხოშტარია თავს სუსტად გრძნობს.
შიმშლილობას არც საკანმდებლო ორგანოში, სხდომათა დარბაზთან მოშიმშილე, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები წყვეტენ.
დღეს არის შიმშილობის მე-5 დღე, თუმცა ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ 49 დღეა, რაც მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს, ათეულობით ადამიანი შიმშილობს უკვე არა მხოლოდ პარლამენტში, არამედ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, ასევე საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში შიმშილობს პაატა ბურჭულაძე. ასეთი გაუგონარი, ასეთი მოძალადე, შურისძიების წყურვილით შეპყრობილი ხელისუფლება ქვეყანას არ ჰყოლია, - ამბობს ,,ენმ"-ს წევრი, დავით კირკიტაძე.
ქალაქებში პროტესტის ნიშნად შიმშილობას აგრძელებენ სხვადასხვა სფეროს წარმოადგენლებიც. მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.