ბაჩო ახალაიას საქმეზე დღეს სასამართლოში სუს-ის თანამშრომელს გამოკითხავენ
ბაჩო ახლაიას საქმის განხილვა სასამართლოში დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. თავდაცვის ექს მინისტრის საქმის არსებითი განხილვა ე.წ. ინტერნეტის გამოყენების ეპიზოდზე დღეს ისევ ბრალდების მოწმეების გამოკითხვით გაგრძელდება. პროცესზე სუსის თანამშრომელი ვახტანგ დალაქიშვილი გამოიკითხება. სწორედ დალაქიშვილმა დაწერა პატაკი, სადაც ჩაწერა, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი მეუღლესთან ერთად საქართველოს დატოვებას გეგმავდა.
პროცესის დაწყებამდე კომენტარი ბაჩო ახალაიას მეუღლემ, ანი ნადარეიშვილმა გააკეთა. მისი თქმით, სასამართლო პროცესი ფორმალურ ხასიათს ატარებს და საქმეზე წარმოდგენილი მოწმეების ჩვენებები რეალურ მტკიცებულებებს არ ეფუძნება.
დღევანდელი სასამართლო არის ბუტაფორია, არ არსებობს მართლმსაჯულება ქვეყანაში, თუმცა ჯიუტად დავდივართ პროცესებზე, რადგან ამ ადამიანებს, ჩამოტარებით მოწმეებს მოვუსმინოთ, რომლებიც ყველა პროცესზე, ერთი და იგივე დაზეპირებულ ტექსტებს ჰყვებიან. დავდივართ, რადგან მოწმეებს მოვუსმინოთ და თვალში თვალში გავუყაროთ და კომუნიკაცია გვქონდეს, რასთან დაკავშირებით არის მოსული და რა ჩვენებას იძლევა.
არცერთ მოწმეს არ უთქვამს, რომ პროცესზე იმიტომ არის მოსული, რომ ბაჩო ახალიას წინააღმდეგ მისცეს ჩვენება, ან რაიმე ინფორმაცია მისცეს სასამართლოს. ამიტომ არის დახურული პროცესი, რომ საზოგადოებამ არ ნახოს ეს ვითარება. ცირკიც აღარ არის პროცესები, ცირკი ადრეულ წლებში იყო, დღეს რაც ხდება, დიდი ტრაგედიაა, რომელიც ქვეყანას დაატყდა“, - განაცხადა ანი ნადარეიშვილმა.
გამოძიება თავდაცვის ექს მინისტრს 4 ოქტომბრის დიდი შეკრების მთავარ ორგანიზატორად ასახელებს. პროკურატურის მტკიცებით, სწორედ ბაჩო ახალაია აძლევდა დავალებებს აქციის ორგანიზატორებს. დაცვის მხარე ამბობს, რომ საქმის მასალებში ექს-მინისტრის წინააღმდეგ არცერთი პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს.
როგორც პროცესის დაწყებამდე, ბრალდებულის ადვოკატმა, გია გოროზიამ განაცხადა, საქმეში არ არსებობს კონკრეტული მტკიცებულება, რომლითაც ახალაიას მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურდება.
„დღევანდელ სხდომაზე გაგრძელდება ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევა. ვინც არ უნდა იყოს პროცესზე წარმოდგენილი, ვერცერთი მოწმე ვერ დაადასტურებს, რომ ბაჩო ახალიას, კონკრეტულ ბრალთან დაკავშირებით, რაიმე ხელშეხება ჰქონდა. ვერცერთი მოწმე ვერ იტყვის, რომ ის ჩართული იყო 4 ოქტომბრის აქციასთან მიმართებით.
რაც შეეხება ინტერნეტის გამოყენებას, დადასტურებული არ არის ბაჩო ახალია სარგებლობდა თუ არა რაიმე ტექნიკური აპარატით და ჰქონდა თუ არა Wifi-თან წვდომა.
ბრალდების მხარის მტკიცებულებებში, არცერთი კონკრეტული მტკიცებულება არ მოიპოვება, რომ ბაჩო ახალია სარგებლობდა რომელიმე ტექნიკური აპარატით და მას კონკრეტულ პირებთან კომუნიკაცია ჰქონდა, ასეთი მტკიცებულება საქმეში არ არის. ვერცერთ შემთხვევაში ვერ დადასტურდება მის მიმართ წარდგენილი ბრალდება. ვარაუდის საფუძველზე აქვს ბრალდება წარდგენილი და ვფიქრობთ, რომ სასამართლო, ბაჩო ახალაიას მიმართ გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს.
არასდროს მქონია და არც არავისგან გამიგია, რომ საქმე ვარაუდის სტანდარტსაც ვერ აკმაყოფილებდეს, როგორც ჩანს რაიმე სახის ინტერესი იყო და აქედან გამომდინარე მოხდა ბრალის წარდგენა",- განაცხადა გია გოროზიამ.
- ცნობისთვის, ბაჩო ახალაიას 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- ასევე, ბაჩო ახალიას წინააღმდეგ მიმდინარეობს მეორე სისხლის სამართლის საქმეც, სსსკ 317-ე მუხლით, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.