„გახსოვდეს აფხაზეთი, გახსოვდეს დევნილები“ - "ნაციონალური მოძრაობა“ ახალ კამპანიას იწყებს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აფხაზეთის თემაზე ახალ კამპანიას იწყებს. პარტიის განცხადებით, ინიციატივა სახელწოდებით „გახსოვდეს აფხაზეთი - გახსოვდეს დევნილები“ აფხაზეთის საკითხის პოლიტიკური დღის წესრიგში დაბრუნებასა და დევნილთა პრობლემების აქტუალიზებას ისახავს მიზნად.
პარტიის წევრმა, ბესო შენგელიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აფხაზეთის საკითხი როგორც საერთაშორისო, ისე შიდა პოლიტიკური დღის წესრიგიდან თანდათან ქრება, რაც, მისი შეფასებით, ხელისუფლების პოლიტიკის შედეგია.
„დღეს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, აფხაზეთის საკითხი ეტაპობრივად ქრება როგორც საერთაშორისო, ისე შიდა პოლიტიკური დღის წესრიგიდან. ეს არის არა შემთხვევითი პროცესი, არამედ ხელისუფლების სუსტი, არაკომპეტენტური და რუსეთზე დამოკიდებული პოლიტიკის პირდაპირი შედეგი. მმართველი ძალა, რომელიც ოლიგარქიულ რეჟიმად ჩამოყალიბდა, ვერ და არ იცავს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს იმ სიმტკიცით, რაც ქვეყნისთვის ამ ისტორიულ ეტაპზე აუცილებელია...“ - განაცხადა ბესო შენგელიამ.
მისი თქმით, კამპანია ორ ძირითად მიმართულებას - დევნილთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და არაღიარების პოლიტიკის გაძლიერებას მოიცავს. ინიციატივის ფარგლებში პარტია დევნილთა დახმარების გაზრდას, განსახლების პროგრამის რეფორმას, სტუდენტებისთვის სტიპენდიების დაწესებასა და დასაქმების პროგრამების ამოქმედებას ითხოვს.
ამასთან, „ნაციონალური მოძრაობა“ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს არჩევნების ჩატარების, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ქონების რეგისტრაციის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერისა და ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა ოფიციალური აღიარების ინიციატივითაც გამოდის.
„განსაკუთრებით მსურს ყურადღება გავამახვილო გენოციდისა და ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა საკითხზე. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული პირველადი მონაცემების მიხედვით, აფხაზეთში სასტიკი წამებით მოკლულია 5200-მდე მშვიდობიანი მოქალაქე... ჩვენ არ გვაქვს უფლება, ეს ადამიანები დავივიწყოთ“, - განაცხადა ბესო შენგელიამ.