"ნარკოტიკების ჩადება, ტერორი და მუქარა მაღალჩინოსნების სახელით" - პატიმრის ოჯახი გამოძიებას მტკიცებულებების გაყალბებაში ადანაშაულებს

03.06.26 20:48
"ნარკოტიკების ჩადება, ტერორი და მუქარა მაღალჩინოსნების სახელით" - პატიმრის ოჯახი გამოძიებას მტკიცებულებების გაყალბებაში ადანაშაულებს

"ნარკოტიკის ჩადება, ცემა პოლიციის განყოფილებაში და მუქარა გავლენიანი ნაცნობებით" - 37 პატიმარი ამტკიცებს, რომ საქმე შეუკერეს.

მინდია ჭაღიაშვილის ახლობლები ამტკიცებენ, რომ ქურდობის მუხლით დაკავებულ კაცს ქურდობა ვერ დაუმტკიცეს, ამიტომ ოჯახის თქმით საქმეში ნარკოტიკი გაჩნდა. ახლა მინდია ჭაღიაშვილი, რომელსაც თავიდან თბილისში ერთ-ერთი სახლიდან ძვირადღირებული ტექნიკის მოპარვას ედავებოდნენ, 5 წლიან პატიმრობას გლდანის ციხეში ნარკოტიკის შეძენა-შენახვისთვის იხდის.

ყველაფერი გასული წლის ივლისში დაიწყო, როცა ჭაღიაშვილის წინააღმდეგ ვაკე-საბურთალოს პოლიციის მე-6 განყოფილებაში პატაკი შეადგინეს. დეტექტივი კალე მუმლძე, ზემდგომს ატყობინებს, რომ კონფიდენტმა ინფორმაცია მიაწოდა, რომ ერთ-ერთი სახლის ქურდობის შემდეგ მოპარული ნივთები მინდია ჭაღიაშვილის სახლში ინახება. თუმცა იქამდე სანამ 7 ივლისს საქმეში  მინდია ჭაღიაშვილის სახელი პირველად გაჩნდებოდა, ირკვევა რომ პოლიცია მისი პიროვნებით უკვე დაინტერესებული იყო. პატაკის შედგენამდე 3 დღით ადრე, პოლიციამ მინდია ჭაღიაშვილის შესახებ ინფორმაცია მოიძია და მას ქვეყნის საზღვრები ჩაუკეტა. რაც იმას ნიშანვს რომ ე.წ კონფიდენტი საქმეში ფორმალურად გაჩნდა და ჭაშღიაშვილის დაკავება წინასწარ იყო გადაწყვეტილი.

მინდია ჭაღიაშვილს ხელბორკილები განყოფილებაში დაადეს. ის პოლიციაში ჩვენების მისაცემად გამომძიებლებს საკუთარი ნებით გაყვა, თუმცა ოჯახი ამტკიცებს, რომ არარსებული დანაშაულის აღიარების მოთხოვნით მოწმის სახით გამოკითხვაზე გადაყვანილი კაცი სასტიკი ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა.

პატიმრის ახლობლების მტკიცებით, მინდია ჭაღიაშვილის პატიმრობის პირველივე დღეებიდან ზეწოლა იწყება ბრალდებულის ოჯახზეც.

მათივე განცხადებით, ე.წ. დაზარალებული ტელეფონით უკავშირდება პატიმრის მეუღლეს და მთავრობაში გავლენიანი ნაცნობობით ემუქრება. მათი თქმით, არსებობს მუქარის ამსახველი აუდიო ჩანაწერიც, რომლის გასაჯაროვებისგან ოჯახი ამ ეტაპზე თავს იკავეს.

პატიმრის ოჯახი გამოძიებას მტკიცებულებების გაყალბებაში ადანაშაულებს - დეტალები ლიზა ლასარეიშვილის რეპოერტაჟში