მისცემენ თუ არა ბავშვებს წამალს? - მშობლები "ოცნების" გადაწყვეტილების მოლოდინში არიან

03.06.26 20:31
მისცემენ თუ არა ბავშვებს წამალს? - მშობლები "ოცნების" გადაწყვეტილების მოლოდინში არიან

44 დღე და უწყვეტი აქციები დასჭირდა ირაკლი კობახიძეს რომ პროტესტში მყოფ მშობლებს პირადად შეხვედროდა. მშობლებს, ვინც მის სამსახურთან ღამეებს შვილების სიცოცხლის გადასარჩენად ათენებს. დღევანდელი შეხვედრა კონკრეტული შედეგით არ დასრულებულა, არც კონკრეტული გეგმა არსებობს, თუმცა მშობლებს განცდა აქვთ, რომ სავარაუდოდ, შემდეგი ნაბიჯები მედიკამენტების შემოტანისკენ იქნება გადადგმული.

შეხვედრა, რომელიც 2 საათის განმავლობაში გრძელდებოდა, მშობლებისთვის იმედის მომცემი აღმოჩნდა, თუმცა ჯერ წინ მორიგი შეხვედრაა, რომელიც პარასკევს დილით ისევ კობახიძესთან უნდა შედგეს. სწორედ ამ შეხვედრაზე უნდა განისაზღვროს მეტი დეტალი და კონკრეტული გეგმები. სავარაუდოდ, ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, კობახიძე მისცემს თუ არა წამალს ბავშვებს.

მშობლების თქმით, ირაკლი კობახიძეს მედიკამენტის სანდოობა და ეფექტურობა ამ შეხვედრაზე კითხვის ნიშნის ქვეშ აღარ დაუყენებია.

მშობლები 4 სამკურნალო მედიკამენტს ასახელებენ, თუმცა რომელიმე მათგანს   შემოიტანს თუ არა ხელისუფლება ეს დღეს შეხვედრაზე არ დაუკონკრეტებიათ, თუმცა გავიგეთ რომ მთავრობას 2 მედიკამენტის მიმართ ნაკლები კითხვის ნიშნები აქვს.

წამალი ბავშვებს - შეხვედრა კობახიძესთან - დიანა ჩირგაძის რეპორტაჟი