შტატები "ოცნებას" პირობებს უყენებს - ივანიშვილის გუნდს ურთიერთობის აღდგენა უპირობოდ უნდა
შეერთებული შტატები "ოცნებას" პირობებს უყენებს, ივანიშვილის მთავრობას კი ურთიერთობის აღდგენა უპირობოდ უნდა. სახელისუფლებო პარტიაში არ არსებობს ღიად გამოხატული მზაობა იმ ნაბიჯების გადასადგმელად, რომელსაც ამერიკული დელეგაცია პარტნიორობისთვის ითხოვს და საჯარო განცხადებაშიც ახსენებს. პიტერ ანდრეოლის ვიზიტის შემდეგ, კობახიძე მედიასთან მეორედ გამოჩნდა და არც ამჯერად აქვს ახალი სათქმელი.
არადა ცხადია, რომ ურთიერთობის ძველ ნიშნულზე დაბრუნება უპირობოდ ვერ მოხდება. შტატების დელეგაციამ მკაფიოდ დაწერა, რომ ქვეყანაში ხელსაყრელი ბიზნესგარემო და პოლიტიკური სტაბილურობაა მნიშვნელოვანი. ამ სტაბილურობის უზრუნველყოფაზე მთავრობას პასუხისმგებლობის აღება არ უნდა და ოპოზიციისგან ელოდება.
"ქართული ოცნება" ყველაფერს ბაიდენის ადმინისტრაციას აბრალებს. მათ რომ დავუჯეროთ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისიც ბაიდენმა გამოიწვია და ურთიერთობების გაწყვეტაც მისი დამსახურებით მოხდა. საინტერესოა, რომ ბაიდენი ტრამპმა წელიწადნახევარია შეცვალა, პოლიტიკა საქართველოსთან კი არ შეცვლილა. ძალაშია სანქციები და გაუქმებულია სტრატეგიული პარტნიორობა.
ოპოზიციაში ჩამოთვლიან ოცნების გადასადგმელ მთავარ ნაბიჯებს, რაც პოლიტიკურ ვითარებას დაასტაბილურებდა და ქვეყანას სანდო პარტნიორის იმიჯს დაუბრუნებდა. საშინაო დავალება აქვს ოპოზიციასაც, თუმცა ფუნდამენტური პრობლემების გადაჭრის ბერკეტი აქვს მხოლოდ ქართულ ოცნებას.