"Wi-Fi-ის გამოყენების საქმე" - ადვოკატების თქმით, სუს-ის თანამშრომელმა ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენება ვერ მისცა
ბაჩო ახალაიას პროცესი - მოწმის სტატუსით პროცესზე მისულმა სუს-ის თანამშრომელმა ვახტანგ დალაქიშვილმა თავდაცვის ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ ჩვენება ვერ მისცა. არადა ოპერატიულ პატაკში დალაქიშვილი წერდა, რომ ახალაია ცოლთან ერთად ქვეყნიდან გაქცევას აპირებდა.
პროცესზე მისულმა დალაქიშვილმა პატაკში ჩაწერილი გარემოება სასამართლოს ვერ დაუდასტურა - ამას დახურული სხდომის დასრულების შემდეგ ადვოკატები ამბობენ. მათი შეფასებით, სასამართლოში დაკითხული მოწმის ჩვენება ვარაუდებს ეფუძნებოდა.
მოწმე ვახტან დალაქიშვილი საქალაქო სასამართლოს ეზოში დღეს მანქანით შეიყვანეს და სუსიდან მოყვანილ მოწმეს ტერიტორია ავტომობილით დაატოვებინეს, ამიტომ პირველებს არ გვქონდა შესაძლებლობა მისთვის კითხვები დაგვესვა. კაცი, ვისი პატაკის საფუძველზეც ახალაიას სახლში ჩხრეკა განჩინების საფუძველზე მოხდა, დღეს სასამართლოში პირველად ნახა ანი ნადარეიშვილმა.
ე.წ. "ვაი-ფაის" გამოყენების საქმის გარდა თავდაცვის ექს მინისტრი ბრალდებულია ივანიშვილის დამხობისკენ მოწოდების გამოც. ხვალ სასამართლოში ახალაიას საქმის ამ ეპიზოდზე მხარეები შესავალ სიტყვებს იტყვიან. სხდომაზე იქნება ბრალდებულიც.