ჯობია [ფიშერი] დავასვენოთ. ისედაც პენსიაზე გადის - ირაკლი კობახიძე
მგონი, ჯობია დავასვენოთ. ისედაც პენსიაზე გადის - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
როგორც კობახიძემ განაცხადა, პეტერ ფიშერის განცხადებები არ არის საინტერესო.
„კიდევ ერთხელ წამოსცდა კაცს. მგონი, ჯობია დავასვენოთ, ისედაც პენსიაზე გადის. არ არის საინტერესო მისი განცხადებები. მორიგი წამოცდენა იყო, თუმცა წამოცდენები ისე არ ხდება ხოლმე, როგორც ჩანს სინამდვილეში, რაც გულში უდევს ის თქვა",- განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში გერმანიის ელჩმა საქართველოში, პეტერ ფიშერმა თქვა, რომ მისი აზრით, "ისინი, ვინც საქართველოში ძალაუფლებაში არიან, მივიდნენ დასკვნამდე, რომ არ სურთ ევროკავშირში გაწევრიანება, რომ ეს არ არის მათ ინტერესში. თუმცა, მათ არ შეუძლიათ ეს უთხრან მოსახლეობას".
გერმანიის ელჩმა ინტერვიუში ასევე დასძინა, რომ მისი ხედვით, პროცესის მიზანი მოსახლეობაში ევროკავშირის მხარდაჭერის შემცირებაა, რათა შესაძლო წარუმატებლობა თავად დასავლურ სტრუქტურებს დაბრალდეს.