"მიშა არის გადასარჩენი" - გიორგი სააკაშვილი

18.11.21 13:08
"მიშა არის გადასარჩენი"  - გიორგი სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ძმა  სახალხო დამცველს ალტერნატიული მედიკოსების კონსილიუმის შექმნისთვის მადლობას უხდის. გიორგი სააკაშვილი ექსპერტების დასკვნას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ეხება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანს უწოდებს. 

მიხეილ სააკაშვილის ძმა პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი პოლიტიკური პატიმარია. 

მადლობა ნინო ლომჯარიას, რომ ალტერნატიული შემოგვთავაზა კონსილიუმი. შესულები იყვნენ და ცალსახად ითქვა, რომ უნდა გადაყვანილი იქნას მულტიფუნქციურ კლინიკაში. ეს არის აუცილებელი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ეს ხომ „ქართული ოცნებაა“, ეგ არის მაგათი ხელწერა, ხელის გაშვერა, რომ სულ ვიღაც დამნაშავეა. ფაქტი არის ერთი, რომ მიშა არის გადასარჩენი. მიშა სჭირდება ქართველ ხალხს ჯანმრთელი. პრინციპში, მოსალოდნელიც იყო, 49 დღე ნამდვილად არ არის ხუმრობა. ძალიან კარგად მახსოვს „ოცნება“ იძახდა, „დაველოდოთ 41-ე დღეს“, „არ შიმშილობს“, „იკვებება“, ხან რა კადრები გვაჩვენეს... ანუ ტყუილზე არის აგებული „ოცნების“ მიდგომა. პოლიტიკური პატიმარია, ეს უკვე ეჭვგარეშეა, - ამბობს გიორგი სააკაშვილი. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფმა საბოლოო დასკვნა გუშინ დადო. ექიმების ინფორმაციით, გლდანის N 18 -ე სამკურნალო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საჭირო რესურსი არ არის, რაც მსჯავრდებული პრეზიდენტის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის აუცილებლობას ნიშნავს.  

მსგავსი სიახლეები