მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა გურიაში - ოზურგეთში წყლით ამოვსებულ ორმოებში თევზები გაუშვეს

03.06.26 21:14
მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა გურიაში - ოზურგეთში წყლით ამოვსებულ ორმოებში თევზები გაუშვეს

თითქმის ერთი წელია, ოზურგეთში ცხოვრება გაუსაძლისია. უმუშევრობის, უწყლობის, უამრავი სოციალური პრობლემას მუნიციპალიტეტში გადათხრილი გზები, მიტოვებული სამუშაოები და სოცოცხლისთვის სახიფათო ორმოები დაემატა. ქალაქში გადაადგილება, როგორც ავტომობილებისთვის, ისე ფეხით მოსიარულეებისთვის პრობლემულია. ადგილობრივები წერენ პოსტებს, მიდიან მერთან, თუმცა უშედეგოდ.

მოსახლეობის თქმით, მერს ხალხის ხმა არ ესმის, ოპოზიცია კი ცდილობს სხვადასხვა პერფორმანსებით მისი ყურადღება მიიქციოს და ოზურგეთის მოუგვარებელი პრობლემები შეახსენოს. ოპოზიციამ ჯერ ორმოები ნაძვის ხეებით ამოავსო, დღეს კი ოზურგეთის ცენტრში, მზიან ამინდში, წყლით სავსე სახიფათო ორმოებში თევზებიც კი გაუშვა.

ამ ყველაფრის ფონზე ოზურგეთის მერი პაატა კუნჭულია, რომელსაც ყოველდღიურად ადანაშაულებენ, ადამიანების მიმართ უყურადღებობაში 216 000 ლარს ხარჯავს იმისთვის, რომ მერიის შენობა იზოლაციაში მოაქციოს და დამატებითი ბარიერები გააკეთოს. ირკვევა, რომ მერი უფრო შორს წავიდა _ მან მერიაში პროტოკოლის სამსახურიც კი შექმნა, რომელსაც როგორც გაირკვა მათ შორის, ტვ პირველის გადამღები ჯგუფის კონტროლიც ევალება.