სად არის დაპირებული გაიაფებული ცხოვრება? - პროდუქტი ისევ გაძვირდა, მინისტრის მოადგილე დამაიმედებელ პროგნოზს ვერ აკეთებს
თევზეული თითქმის 21 პროცენტით, ხორცი და ხორცის პროდუქტები 10% , პური და პურპროდუქტები 7%ით - პროდუქტები ისევ გაძვირდა. სასურსათო კალათაში შემავალი პროდუქტების დიდი ნაწილის ფასი წინა წელთან და წინა თვესთან შედარებით გაიზარდა. ამას აჩვენებს საქსტატის ეს მონაცემები. თუ წინა თვეს ირაკლი კობახიძე ამტკიცებდა, რომ ნახევარ კილო ხორცის ყიდვა 10 ლარად იყო შესაძლებელი, ახლა ეს სტატისტიკა აჩვენებს, რომ ხორცი კიდევ უფრო გაძვირდა.
წლიურ ჭრილში გაძვირდა პურიც, რძე, ყველი და კვერცხიც - წინა თვესთან შედარებით, მაგალითად, გაიაფებულია ბოსტნეული - ამბობს საქსტატი. გაძვირებულია წყალი, წვენი, ხორცი, თევზი,ტრანსპორტი, საწვავი - ფასების ზრდას ქართულ ოცნებაში ერთი მხრივ საწვავის გაძვირებით ხსნიან, მეორე მხრივ, კი ამტკიცებენ, რომ ყველაფერი იმპორტირებულია და ამიტომ ძვირია.
რატომ ჰქონდა ხალხს პროდუქტის გაიაფების მოლოდინი? - ამ კითხვას გვისვამს ფინანსთა მინისტრის მოადგილე. კაკაურიძე ამბობს, რომ მოკლე პერიოდში გაიაფება გამორიცხულია.
პროდუქტები რომ გაძვირდება ამას აანონსებენ მწარმოებლები - კუმისის დირექტორი არ გამორიცხავს, რომ კვერცხზე ფასი შემოდგომით გადაიხედოს, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ საწვავი ისევ ძვირდება და ასევე, მთავრობა საკუთარ პოლიტიკას არ ცვლის და სატრანსპორტო ჯარიმებს შემცირების ნაცვლად ზრდის.