გაყალბებული ვიზების საქმე - " ბრალდებულები ოფიციალური სახელმწიფო სველი ბეჭდებით სარგებლობდნენ"

03.06.26 21:04
გაყალბებული ვიზების საქმე - " ბრალდებულები ოფიციალური სახელმწიფო სველი ბეჭდებით სარგებლობდნენ"

 

 

გაყალბებული ვიზების საქმე - დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე გაჩნდა ვარაუდი, რომ ბრალდებულები ოფიციალური სახელმწიფო ბეჭდებით სარგებლობდნენ, რომელსაც გაყალბებული დოკუმენტების მომზადების დროს იყენებდნენ.  

განსასჯელის სკამზე მჯდომებიდან ორი პირი 30 წლამდე ახალგაზრდაა, მათგან ერთი, ახალგაზრდა იურისტი გამოძიებასთან თანამშრომლობს. 

დაკავებულის ადვოკატს გამოძიებასთან აქვს კითხვები, როგორ მოიპოვეს ბრალდებულებმა, ერთ-ერთი სახელმწიფო უწყების სველი ბეჭედი, რომლითაც ოქმებს ადგენდნენ. 

პირველ რიგში მოგახსენებთ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი სრულად აღიარებს ბრალად წარდგენილ ქმედებას, იგი თავს გრძნობს დამნაშავედ, მან ითანამშრომლა გამოძიებასთან, მიაწოდა მის ხელთ არსებული სრული ინფორმაცია. იგი არც ისტორიის ე.წ. ქეისების მწერალი ყოფილა, არც ისტორიის შემგროვებელი იყო, ის იყო კლიენტებსა და ამ ადამიანებს შორის შუამავალი, რომელიც აკავშირებდა კომპანიას  ადამიანებთან. 

ვინ აკეთებდა ამას, სამართალდამცავი უწყებებიდან იყვნენ თუ საიდან იყვნენ, უბრალოდ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს, თუმცა ეს ჩემთვისაც ძალიან საინტერესოა იმიტომ, რომ საქმეში იძებნება კონკრეტული სახელმწიფო უწყებების სველი ბეჭდებიც მათ შრის. 

ეს დასადგენი იქნება, ალბათ, ექსპერტიზის მხრიდან არის გაყალბებული თუ არა, ფაქტია, რომ საქმეში არსებობს ბეჭედდარტყმული საბუთები, რომელსაც აწერია მაგალითად შინაგან საქმეთა სამინისტრო," - ადვოკატი.

რაც შეეხება პროკურატურის პოზიციას, პროკურორი ამტკიცებს, რომ მძიმე ჰგუფურ დანაშაულში არცერთი სახელმიფო უწყება არ იყო ჩართული: 

მეტი დამაჯერებლობისთვის ასევე ადგენდნენ ყალბ ქეისებს, კონკრეტული სტრუქტურების და ორგანიზაციების სახელით, რაც რა თქმა უნდა ყალბი დოკუმენტაცია გახლდათ. 

მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნულ საქმეზე გამოძიება დაიწყო აშშ-ის საელჩოდან გადმოგზავნილი მომართვის საფუძველზე, რომელთა მიერაც მოგვეწოდა გარკვეული ინფორმაცია. 

ამ შემთხვევაში, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ სახელმწიფოს არცერთი სტრუქტურა ჩართული არ იყო დანაშაულებრივ საქმიანობაში, სწორედაც თვითონ დანაშაულის არსიც ერთ-ერთი ამაში მდგომარეობს, რომ ეს დოკუმენტაცია იყო ყალბი და არ ჰქონდათ ამის შედგენის არც უფლებამოსილება და აღნიშნულ დოკუმენტებში არ იყო ასახული სწორი ინფორმაცია. მითითებული დოკუმენტაცია მათ მიერ არის ყალბი სახით შედგენილი, შესაბამისად  არანაირი საჯარო სტრუქტურის მათში მონაწილეობა არ დასტურდება,"-  აღნიშნავს პროკურორი.

საქართველოს მთავარ პროკურატურაში ამბობენ, რომ გამოავლინეს 2 დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს აშშ-ის ვიზის მიღებაში ეხმარებოდნენ. გვარაკიძის უწყების ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები აყალბებდნენ დოკუმენტებს და იგონებდნენ ე.წ. ქეისებს – საფუძვლებს, რის გამოც აშშ-ის საქართველოს მოქალაქეებისთვის თავშესაფარი უნდა მიეცა.

პროკურატურის ცნობით, დააკავეს 3 ადამიანი, კიდევ 6-ის მიმართ კი დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა. 

  • პროკურორის გიორგი მიქაიას თქმით, ორგანიზებული ჯგუფის წევრები თავშესაფრის მაძიებელ მოქალაქეებს ე.წ. ყალბ ქეისებში უწერდნენ, რომ ეს მოქალაქეები ქვეყანაში სექსუალური და პოლიტიკური დევსნის მსხვერპლნი იყვნენ.

"გამოძიებით დადგინდა, რომ აშშ-ში საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებისა და საზღვრის გადაკვეთის გაძნელების გამო, საქართველოს ოთხმა მოქალაქემ ორგანიზებული ჯგუფი ჩამოაყალიბა. ისინი აშშ-ში თავშესაფრის მსურველებს ე.წ. „ქეისის“ შექმნას, მტკიცებულებების შეგროვებასა და სასამართლოში მხარდაჭერას ჰპირდებოდნენ"- აცხადებენ პროკურატურაში.

  • გამოძიების მიერ, ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია საქართველოს 366 მოქალაქე, ვინც ამ ჯგუფს მიმართა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ის ადამიანები, რომლებმა თავშესაფრის უფლება ამ გზით მიიღეს, ამერიკაში ცხოვრებას ვეღარ შეძლებენ.