"გზავნილი არის ძალიან მკაფიო, მთავარი ადრესატი არის "ოცნება" - თაზო დათუნაშვილი რუბიოს განცხადებაზე
"ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრის, თაზო დათუნაშვილის განცხადებით შეერთებული შტატების დელეგაციის განცხადება და სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს გზავნილი ძალიან მკაფიოა და მისი მთავარი ადრესატი "ქართული ოცნებაა".
თაზო დათუნაშვილი აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატების გზავნილის მიხედვით, თუ ივანიშვილის გუნდი ქვეყანაში არსებულ მძიმე ვითარებას არ გამოასწორებს და ოპონენტების დევნას არ შეწყვეტს, შეერთებულ შტატებთან არავითარი წინსვლა არ იქნება.
მე მგონი, ეგვიპტური იეროგლიფებით არ იყო ის ნაწერი, რომ გაშიფვრა დასჭირდეს და შემდეგ ამ გაშიფვრას ინტერპრეტაცია, აბსოლუტურად არასერიოზულად მიმაჩნია ძალიან მკაფიო და ღია ტექსტით, შავით თეთრზე დაწერილს, რაღაცა ინტერპრეტაცია მოაბა იმიტომ, რომ არ სჭირდება ამ ტექსტს ინტერპრეტაცია, საკმაოდ განმარტებითი იყო.
მარკო რუბიოს განცხადება იყო ერთგვარი, ხომ იცით ვისაც კითხვა არ უყვარს იმისთვის ფილმი, სერიალი, ნახატებიანი წიგნი არსებობს, ეს იყო ერთგვარი, რომ მარკო რუბიომ ამ ყველაფერს ერთგვარი ილუსტრაცია მისცა, თორემ ამ ტექსტში მარტივად წერია, გზავნილი არის ძალიან მკაფიო, მთავარი ამ გზავნილის ადრესატი, რა თქმა უნდა არის "ქართული ოცნება".
რეალობა არის, რომ გზავნილის მთავარი სამიზნე არის საქართველოს ხელისუფლებად წოდებული "ქართული ოცნება", რომელმაც გადაუხვია იმ ტრაექტორიიდან, რა ტრაექტორიასაც ჰქვია ცივილიზებული სამყაროს ნაწილი.
გზავნილი მიდის "ქართული ოცნების" მიმართ, რომ თუ ისინი პირველ რიგში არ გამოასწორებენ არსებულ მძიმე ვითარებას, არ შეწყვეტენ პოლიტიკური ოპონენტების დევნას, არავითარი წინსვლა, ან ცვლილება შეერთებულ შტატებთან, შესაბამისად ცივილიზებულ სამყაროსთან ურთიერთობაში არ იქნება," - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.