გორში პოლიციელების მიერ ნაცემი მოქალაქეების ადვოკატებს ხელი გაუთქმელობაზე მოაწერინეს
გორში პოლიციელების მიერ ნაცემი კაცების ადვოკატს პროკურატურამ გაუთქმელობაზე მოაწერინა ხელი, შესაბამისად დაზარალებულ მხარეს მტკიცებულებებზე საჯაროდ საუბარი აღარ შეეძლებათ.
ინფორმაციას "პირველებს" ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისა და ლაშა აბისონაშვილის ადვოკატი, რევაზ რევაზიშვილი უდასტურებს.
მისი თქმით, ადვოკატებს მთავარ საგამოძიებო ორგანოში უთხრეს, რომ თუ ისინი გაუთქმელობის დოკუმენტს ხელს არ მოაწერდნენ, მათ საქმის მასალებზე წვდომა შეზღუდული ექნებოდათ.
სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, პროცესის მწარმოებელ ორგანოს აქვს უფლება, პროცესში მონაწილე პირი დაავალდებულოს, რომ მან არ გაამჟღავნოს ის ისნფორმაცია, რომელიც გახდება ცნობილი მისთვის გამოძიების მიერ მისთვის მიწოდებული ინფორმაციის ფარგლებში. ეს უფლება არის პროცესის მწარმოებელი ორგანოს დისკრეცია. ამ რეგულაციის ფარგლებში ჩვენ დაგვეკისრა ეს უფლება.
სწორი ფორმულირება რომ მივცეთ, ჩვენ არჩევენის წინაშე ბრალდების მხარემ კი არ დაგვაყენა, ჩვენ გვქონდა არჩევანი კანონმდებლობით გათვალისწინებული რეგულაციის მიხედვით ასეთი: ჩვენ ანუნდა გვქონოდა საქმის მასალებზე წვდომის უფლება ამ დათქმით, ან ეს უფლება ასე ვთქვათ არ უნდა გვქონოდა.
ეს შემთხვევა სინამდვილეში სრულიად განსაკუთრებულია იმ თვალსაზრისით, რომ ძირითადი მტკიცებულებები ამ საქმეზე ისედაც გასაჯაროებულია"- თქვა ადვოკატმა.
ცნობისთვის, გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში სამართალდამცავებმა ორი პირი - 29 წლის პაპუნა ლოცულაშვილსი და მის მეგობარი ჯგუფურად სცემეს.
საქმეზე დაკავებულია ექვსი სამართალდამცავი. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინებათ, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, ჩადენილს ძალადობით. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამასთან, გამოძიება დაწყებულია პაპუნა ლოცულაშვილის მიმართაც სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რაც პოლიციელის მიმართ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს.