ექსპერტების დასკვნის შემდეგ ხელისუფლებას მანევრირების ველი აღარ დარჩა - მესამე სექტორი

18.11.21 13:44
ექსპერტების დასკვნის შემდეგ ხელისუფლებას მანევრირების ველი აღარ დარჩა - მესამე სექტორი

სახალხო დამცველის ექსპერტთა საგანგაშო დასკვნის შემდეგ გავლენიანი არასამათავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისა და მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანისკენ მოუწოდებენ. 

"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას" თავმჯდომარე, ედუარდ მარიკაშვილი, ფიქრობს,  რომ თუ "ქართული ოცნება" ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნის სანდოობაში ეჭვს შეიტანს, ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ხელისუფლება რეალობის დამალვას ცდილობს. 

ამ დასკვნაზე ქილიკი, ან მისი სანდოობის დაკნინება  და ა.შ. კიდევ ერთხელ დაადასტურებს იმას, რომ ხელისუფლებას სურს, რომ რეალობა დაუმალოს საზოგადოებას და ეს რეალობა არის საკმაოდ მძიმე. ფაქტია, რომ საქმეს ზედამხედველობს ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო, თუკი სასამართლო დარწმუნდება და მე ვფიქრობ, რომ აი, ამ დასკვნის შემდეგ მას აქვს ძალიან მყარი არგუმენტები იმისთვის, რომ  გაიზიაროს დაცვის მხარის პოზიცია, რომ მიხეილ სააკაშვილს დღეს არ აქვს სათანადო პირობები ციხის ამ დაწესებულებაში, მაშინ მთელი პასუხისმგებლობა როგორც სიცოცხლეზე ასევე ჯანმრთელობაზე გადავა ხელისუფლებაზე, - განაცხადა  მარიკაშვილმა. 

"საერთაშორისო გამჭვრივალობა - საქართველოს"  დირექტორის მოადგილე, გიორგი ონიანი, ამბობს, რომ სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნამ ხელისუფლებას მანევრირებას საშუალება აღარ დაუტოვა. 

ახლა უფრო საინტერესოა, რას იტყვის ამაზე ხელისუფლება, იმიტომ, რომ ამ საქმეს, რომელსაც თავიდანვე ნიშნები ჰქონდა და ბევრი აფასებდა იმას, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო მიღებული ბატონი სააკაშვილის საავადმყოფოში არ გადაყვანასთან დაკავშირებით, ახლა რას იტყვიან, იმიტომ, რომ ძალიან ცხადი და მტკიცებულებებზე დაყრდნობით არის ახლა ეს გადაწყვეტილება, რომ ის, სადაც ახლა არის სააკაშვილი, მის ჯანმრთელობას შეიძლება, დაემუქროს საფრთხე და ეს საფრთხე აუცილებლად დაემუქრება. ახლა, ასე ვთქვათ, დიდი მანევრის ველი აღარ აქვს ხელისუფლებას და მალე უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება, - თქვა გიორგი ონიანმა. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფმა საბოლოო დასკვნა გუშინ დადო. ექიმების ინფორმაციით, გლდანის N 18 -ე სამკურნალო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საჭირო რესურსი არ არის, რაც მსჯავრდებული პრეზიდენტის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის აუცილებლობას ნიშნავს.   

მსგავსი სიახლეები