ბატონო რომეო, საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, ორჯონიკიძე, ფილიპ მახარაძე რომ დაემხოთ, ჰქონდათ თუ არა უფლება? - ახალაია მოსამართლეს
ბატონო რომეო, საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, ორჯონიკიძე, ფილიპ მახარაძე და ა.შ. რომ დაემხოთ, ჰქონდათ თუ არა უფლება?- ამ სიტყვებით მიმართა სასამართლო სხდომაზე მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს ბაჩო ახალაიამ, რომელსაც ივანიშვილის დახმობის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო ასამართლებენ.
ყოფილი თავდაცვის მინისტრმა ხაზგამის გაიმეორა, რომ ხელისუფლების დამხობა მიაჩნია ერთადერთ გზად ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე.
სასამართლოში ვესაუბრებოდი მოსამართლეს, ორ პროკურორს, ვის წინაშეც წარმოვთქვი ეს სიტყვები. შემდეგ სუს-ში აღმოაჩინეს, რომ ეს იყო დარღვევა, ესაა ჩემთვის მთავარი არგუმენტი, რატომაა დასამხობი ეს ხელისუფლება - განაცხადა ახალაიამ.
თავდაცვის ექს-მინისტრი საკუთარ პროცესზე იმის ახსნას ცდილობდა, რომ საკუთარი მოსაზრების გამოთქვა არ შეიძლებაა დანაშაულად ჩაითვალოს.
ქვეყანაში დიქტატურაა... ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს რომ ამ ტერმინის გამოყენება არ დაუშვას - თქვა ახალაიამ სხდომაზე.
ბატონო რომეო გამოვეხმაურები თქვენს ეფექტურ შემოსვლას დარბაზში. სასამართლოში თქვენ ხართ მთავარი. ვისაუბრე, ვესაუბრებოდი მოსამართლეს, იქ იყო ორი პროკურორი, ეს პროცესი დამთავრდა, ვიღაცამ სუს-ში მიაგნო და აღმოაჩინა, რომ ეს სისხლის სამართლის დანაშაული იყო და ბრალი წამიყენეს.
აბსოლუტურად სერიოზულად ვუდგები საკითხს, როცა ვთქვი, რომ არ ვიცი ვაღიარებ თუ არა. საერთოდ წარმოდგენა არ მაქვს სისხლის სამართლის დანაშაული რატომ უნდა იყოს და კრიმინალი რატომ ვარ სიტყვის გამო. ხელისუფლების დამხობა ერთადერთ გზად მიმაჩნია ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამოსვლისთვის. კანონმდებლობით ხელისუფლების დამხობა დანაშაულად არ არის შერაცხული. ხელისუფლების დამხობა დანაშაულად ფიქსირებული არ არის ჩვენს კანონში. ჩვენ საზოგადოება ვთანხმდებით ქცევის ნორმებზე და მხოლოდ მას შემდეგ ეძლევა კანონის ძალა..
მე ვთქვი, რომ ეს ხელისუფლება უნდა დაემხოს, ამის უფლება ადამიანებს ბუნებით გვაქვს მონიჭებული. არ არსებობს ისეთი ვითარება, რომელსაც შეუძლია ადამიანს ბუნებითი უფლება შეუზღუდოს, სხვა საკითხია, ვინ თვლის, რომ დიქტატურა არის და ვინ - არა. თუ ვთვლით, რომ დიქტატურაა, ლეგიტიმური უფლებაა, დამხობა.
ბატონო რომეო, საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, ორჯონიკიძე, ფილიპ მახარაძე და ა.შ. რომ დაემხოთ, ჰქონდათ თუ არა უფლება? რა თქმა უნდა, ჰქონდათ, მაგრამ ჩვენდა საუბედუროდ, დამარცხდნენ.
მე ვთვლი, რომ ეს არის დიქტატურა. გაურკვეველ ვითარებაში ვცხოვრობთ, ყველას ესმის, რომ ეს არის დიქტატურა, ვინმეს სიღრმისეულად რომ დაელაპარაკო, ყველა გეტყვის - „ეს კაცი ასე არ წავა", აი, ეს ვითარებაა.
ჩემზე კარგად ივანიშვილმა იცის, რომ მისი ხელისუფლებიდან განდევნა მისი დამხობაა.
ქართულ საზოგადოებაში ფართოდ გამჯდარი შიშია, თითქოს, ომი იქნება რუსეთთან, თუ კარგად დაუკვირდებით, აღმოაჩენთ, რომ არავინ ელოდება ხვალ ტანკების შემოჭრას...
ადამიანებს ერთადერთი საშუალება ამოცანის ამოსახსნელად დაკვირვება გვაქვს. თუ კარგად დავაკვირდებით, სად ვცხოვრობთ, თუ კარგად დავაკვირდებით, საზოგადოება მიხვდება, რომ ვცხოვრობთ აბსურდში, სადაც ტროტუარზე დგომის გამო იჭერენ, თუ კარგად დააკვირდებით, „ფეისბუქის“ სტატუსის გამო შეიძლება ადამიანები დააკავონ, თუ საზოგადოება კარგად დააკვირდება, მიხვდება, რომ ამ ყველაფრის არჩევნებით შეცვლა არ შეუძლია, თუ ამ ყველაფერს კარგად დააკვირდება, ერთი ამოაცანით ამოხსნის - ეს არის დამხობა. თუ ფიქრობ, რომ ხელისუფლება ადამიანის ნებაზე ძალადობს, ერთადერთი გამოსავალი დამხობაა.
ბატონო მოსამართლე, როგორც თქვენ ახლა მისმენთ, ნუ, გასაგებია, ამას ეხება და მისმენთ, მაგრამ ისე მისმენდა ის მოსამართლეც და პროკურორიც....
დღეს მე არ ვარ პოლიტიკოსი, პოლიტიკური ამბიციები არ გამაჩნია, ამიტომ ბევრად თამამად ვსაუბრობ. არჩევნები ერთადერთი გზა არისო, ამბობენ პოლიტიკოსები, შედეგი ხომ იგივეა, არჩევნებით ივანიშვილი რომ დამარცხდეს დღეს, ის ხვალ ციხეში იჯდება. ნებისმიერი სახით ამ კაცისთვის ძალაუფლების წართმევა, ციხეში წასვლას ნიშნავს. ჩვენ ძალიან ბევრ სიმართლეს ვიტყვით, როგორც კი ეს ხელისუფლება შეიცვლება და ეს იცის ივანიშვილმა.
არ მესმის, ეს დანაშაულია, თუ კეთილსინდისიერი მოქალაქეობა. მე არ მოვუწოდებ ადამიანებს არაფრისკენ, არ მივიჩნევ თავს ადამიანად, სხვას რამე მოუწოდოს, მე ვამბობ ჩემს პოზიციას", - განაცხადა ახალაიამ.
ცნობისთვის, ბაჩო ახალაის წინააღმდეგ საქმე საგამოძიებო უწყებამ სასამართლოზე გაკეთებული განცხადების გამო აღძრა.
- ასევე შეგახსენებთ, რომ ბაჩო ახალაიას 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- ასევე, ბაჩო ახალიას წინააღმდეგ მიმდინარეობს მეორე სისხლის სამართლის საქმეც, სსსკ 317-ე მუხლით, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.