საფუძველი არ გვაქვს, მთავრობისგან გონივრულ ნაბიჯებს ველოდოთ - დიმიტრი საძაგლიშვილი
მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად გლდანის N 18 -ე სამკურნალო დაწესებულებაში მისი ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი, მივიდა.
პენიტენიცურ დაწესებულებაში შესვლამდე ადვოკატი სახალხო დამცველის კონსილიუმის მიერ გასაჯაროებული დასკვნას გამოეხმაურა, რომელიც პატიმარ პრეზიდენტის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის საკითხს ეხება. მისი თქმით, "ქართული ოცნების" ხელისუფლებისგან გონივრული გადაწყვეტილების მიღება ნაკლებად მოსალოდნელია.
რეალურად, ჩვენ გუშინ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ, ამჯერად უკვე საქართველოს სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი სხვადასხვა პროფილის ექსპერტების ჯგუფის მიერ გაცემული დასკვნა, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა არის აუცილებელი და მისი მკურნალობის გაგრძელება მრავალპროფილურ სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში. იმ შემთხვევაში, თუკი ხელისუფლების მიზანი იქნებოდა სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ბუნებრივია, მათ ეს დიდი ხანია გაკეთებული ექნებოდათ და ვიცით, რომ ისინი სააკაშვილთან დაკავშირებით ხელმძღვანელობენ არა რეალური საჭიროებიდან გამომდინარე, არამედ მათი პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე. ასე რომ, არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხელისუფლება, ან როგორ იმოქმედებენ და პრინციპში, არც არანაირი საფუძველი არ გვაქვს, რომ მათგან გონივრულ ნაბიჯებს და გონივრულ ქმედებებს ველოდოთ, - თქვა საძაგლიშვილმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფმა საბოლოო დასკვნა გუშინ დადო. ექიმების ინფორმაციით, გლდანის N 18-ე სამკურნალო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საჭირო რესურსი არ არის, რაც მსჯავრდებული პრეზიდენტის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის აუცილებლობას ნიშნავს.