კობახიძე საიას კვლევას პასუხობს
საიას კვლევას ირაკლი კობახიძე ეხმაურება და ამტკიცებს, რომ ბოლო წლებში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები სრულად შეესაბამება დემოკრატიულ ქვეყნებში მოქმედ პროცედურებს. მისი მტკიცებით, პარლამენტმა კანონები სტანდარტული წესების დაცვით მიიღო, ხოლო ცვლილებების ნაწილი საპროტესტო აქციების დროს შექმნილ ვითარებას უკავშირდებოდა.
კობახიძე ასევე ამტკიცებს, რომ საიას შეფასებები პოლიტიკურად მოტივირებულია და ორგანიზაცია ხელისუფლების კრიტიკას უსაფუძვლოდ ახორციელებს.
კანონები მიიღება ზუსტად იგივე პროცედურებით, რაც არის დამკვიდრებული ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში. სტანდარტული პროცედურებია, ყველა პროცედურას გადის შესაბამისი კანონმდებლობა. რაც შეეხება შინაარსს, თქვენ იცით, რომ თითქმის ერტი წლის განმავლობაში ეს რადიკალური ოპოზიცია კეტავდა რუსთაველის გამზირს. მსოფლიოში უპრეცედენტო მოვლენა იყო, რომ დედაქალაქის ცენტრალური გამზირი ქვეყანაში იკეტებოდა 150 კაცის მიერ. ამას სჭირდებოდა კანონების დაპირისპირება. ეს არ მოსწონს, ბუნებრივია, საიას, იმიტომ, რომ საიაც არის აგენტურის ერთ-ერთი გამოვლინება, - ამბობს ირაკლი კობახიძე.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) ახალი კვლევა გამოაქვეყნა, რომელშიც 2024 წლიდან მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებსა და ე.წ. „პერსონიფიცირებული კანონშემოქმედების“ ტენდენციებს მიმოიხილავს. ორგანიზაციის ინფორმაციით, 2024 წლის აპრილიდან 2026 წლის თებერვლამდე პარლამენტმა დაჩქარებული წესით 304 კანონი მიიღო.
საიას შეფასებით, ამ პერიოდში მიღებული არაერთი საკანონმდებლო ცვლილება ზღუდავს შეკრების, გამოხატვის, გაერთიანებისა და მედიის თავისუფლებას, ასევე გავლენას ახდენს საჯარო მოსამსახურეთა უფლებებსა და სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობაზე.