კობახიძე უყურებდა, როგორ იპარავდნენ მისი თანაგუნდელები ფულს და კომპრომატებს აგროვებდა - ბუაძე
პოლიტიკოს საბა ბუაძის თქმით, მაშინ როცა დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები წამლისთვის თანხას ითხოვდნენ და კობახიძე პასუხობდა, რომ ბიუჯეტში არსებულ თანხებს ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ, ეს იყო აბსოლუტური ცინიზმი მისი მხრიდან.
საბა ბუაძის თქმით, ზუსტად იდენტური თანხა, ან უფრო მეტიც კახა კალაძის პიარისთვის და ცუდი კომენტარების წასაშლელად შექმნილი სამსახურისთვის გამოიყოფოდა.
როცა ეს ხალხი ბიუჯეტის ყაირათიან ხარჯვაზე გვესაუბრება, შემდეგ კი გვახსენდება ოქროს ზოდები, რომლებიც სახლიდან ამოუღეს მათივე ქურდ და მძარცველ ყოფილ თანაგუნდელებს, არის დიდი ცინიზმი, - განაცხადა საბა ბუძემ.
მისი თქმით, ადამიანს[ირაკლი კობახიძეს], რომელმაც პოლიტიკური დაწინაურებისთვის მისცა შესაძლებლობა მისივე თანაგუნდელებს, რომ გაეძარცვათ ბიუჯეტი, უფლება არ აქვს საბიუჯეტო რესურსების ოპტიმალურ ხარჯვაზე ისაუბროს.
კობახიძე გვესაუბრებოდა იმაზე, რომ თურმე ბიუჯეტში არსებულ თანხებს ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ, ეს აბსოლუტური ტყუილია. ზუსტად იდენტური თანხა, უფრო მეტიც, 60 მილიონამდე აქვს დახარჯული თანხა კალაძეს პიარისთვის. პიარ სააგენტო, რომელიც თბილისის მერიასთან იყო არსებული, მისი ბიუჯეტი წელიწადში არის დაახლოებით, 6 მილიონი ლარი. ამხელა თანხას მხოლოდ იმაში ხარჯავდნენ, რომ ლამაზი ფოტოები და ვიდეოები გადაუღონ კალაძეს და მის ქვემოთ არსებული ცუდი კომენტარები წაშალონ, რათა მოჩვენებითი რეალობა შექმნან. ამიტომ, როცა ეს ხალხი ბიუჯეტის ყაირათიან ხარჯვაზე გვესაუბრება, შემდეგ კი გვახსენდება ოქროს ზოდები და ბრელოკები, თუ მერსედესის ნიშნები, რომლებიც სახლიდან ამოუღეს მათივე ქურდ და მძარცველ ყოფილ თანაგუნდელებს, არის დიდი ცინიზმი. ღარიბაშვილს, ლილუაშვილს და ამ ჩარეცხილებს რომ თავი დავანებოთ, ამ ფულის მოპარვა კობახიძის თვალწინ ხდებოდა. კობახიძე უყურებდა, როგორ იპარავდა ეს ხალხი ფულს, კომპრომატებს აგროვებდა იმისთვის, რომ ძალაუფლების მისაღებად გამოეყენებინა. ღარიბაშვილის და ლილუაშვილის ჩარეცხვა, სწორედ ამ კომპრომატების საშუალებით მოეხდინა. ადამიანმა, რომელმაც პოლიტიკური დაწინაურებისთვის მისცა შესაძლებლობა მისივე თანაგუნდელებს, რომ გაეძარცვათ ბიუჯეტი, ასეულობით მილიონის და მილიარდობით ლარით, ამ ადამიანს უფლება არ აქვს, გვესაუბროს საბიუჯეტო რესურსების ოპტიმალურ ხარჯვაზე, - განაცხადა ბუაძემ.
მისი თქმით, ის, რომ ხელისუფლება დათმობაზე წავიდა და ბავშვებს წამალი ექნებათ საზოგადოებრივი განწყობის და კონსესუსის დამსახურებაა.
საზოგადოგადოებრივ განწყობას და კონსესუსს, შეუძლია ასეთ კონსოლიდირებულ ავტოკრატიაშიც კი მნიშვნელოვანი შედეგის გამოღება. ამან უნდა დაგვარწმუნოს, რომ საზოგადოების გაერთიანებას შეუძლია გარდატეხის მოხდენა,- დასძინა მან.