პაპუაშვილი: აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვა ამერიკის საგარეო პოლიტიკაში ძირეულ ცვლილებებს საჭიროებს
შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ აშშ-სთან ურთიერთობების „გადატვირთვის“ პროცესი უკვე მიმდინარეობს და მისი წარმატება ამერიკის საგარეო პოლიტიკაში „ძირეულ ცვლილებებზე“ იქნება დამოკიდებული.
ამასთან, პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ 2009 წელს გაფორმებული აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია „ცარიელი და შინაარსისგან დაცლილი“ დოკუმენტი იყო და აღნიშნულ შეფასებას, მისი თქმით, ამერიკული მხარეც იზიარებს.
"ოცნების" ლიდერი ასევე აცხადებს, რომ თბილისსა და ვაშინგტონს შორის ახალი სტრატეგიული პარტნიორობა რეალურ ინტერესებსა და პრაქტიკულ შედეგებზე უნდა იყოს დაფუძნებული.
ჩვენთვის გადატვირთვის პროცესში, რომელიც ახლა მიმდინარეობს, მნიშვნელოვანია, რომ ახალი ადმინისტრაცია იყენებს ორ ტერმინს, მათ შორის, ამერიკულ - ქართულ ურთიერთობებთან დაკავშირებით. ეს არის სუვერენიტეტი და ეროვნული ინტერესები. სწორედ ეს ორი პრინციპი იყო, რომელსაც უგულებელყოფდა ბაიდენის ადმინისტრაცია - სხვა ქვეყნების სუვერენიტეტსა და სხვა ქვეყნების ეროვნულ ინტერესებს. ასე რომ, ჩვენთვის მთავარია, ძირეული ცვლილება აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში, რომლის შედეგადაც იმედი გვაქვს, რომ შესაძლებელი გახდება ახალი სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბება.
რაც შეეხება სტრატეგიულ უშუალოდ პარტნიორობას, რომელიც 2009 წელს აგვისტოს საქართველო- რუსეთის ომის შემდეგ როგორც დამამშვიდებელი პრიზი გადასცეს მაშინ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმს, რომ საბოლოოდ არ ჩამოშლილიყო, ამ სტრატეგიულ პარტნიორობასთან არის სრული კონსენსუსი არა მხოლოდ ჩვენი მხრიდან, არამედ ამერიკელების მხრიდანაც, რომ ის იყო ცარიელი, არაფრის მთქმელი დოკუმენტი, დეკლარაცია, რომელსაც არ ჰქონდა არსებითი შინაარსი. ვთანხმდებით იმაზე, რომ მნიშვნელოვანი არის, ახალი სტრატეგიული პარტნიორობა რეალურ დღის წესრიგს ეფუძნებოდეს და მიმართული იყოს ორივე ხალხისთვის ამერიკელი და ქართველი ხალხისთვის რეალური შედეგების დადგომისკენ. ასე რომ, ამ მხრივ, ვფიქრობ, რომ საერთო მიდგომა გვაქვს როგორც ჩვენ, ისე აშშ-ის ადმინისტრაციას“,- განაცხადა პაპუაშვილმა.