ჩვენი და სახალხო დამცველის ექსპერტების დასკვნა ერთმანეთთან სრულ უნისონშია - ზურაბ ფაღავა
სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ექიმების ჯგუფის დასკვნას იუსტიციის სამინისტროს მიერ შექმნილი კონსილიუმის ყოფილი წევრი, ზურაბ ფაღავაც, იზიარებს. მედიკოსი ამბობს, რომ კოლეგების დასკვნა და რეკომენდაციები მათ მიერ გაცემულის იდენტურია.
ჩვენი დასკვნა და ქალბატონ ლომჯარიას საექსპერტო, ჩემი კოლეგების, დასკვნა სრულ უნისონშია ერთმანეთთან. იქ ვითარდება სასიცოცხლო პარამეტრების ისეთი ცვლილებები, ისეთი არასტაბულობა, რომ ის სულ უფრო და უფრო ძნელად მართვადი ხდება და ეს ცვლილებები ამ ე.წ. სასიცოცხლო პარამეტრების შეიძლება, იყოს ძალიან მყისიერი. ასეთი განვითარების შემთხვევაში პირველი სიმპტომებიდან რჩება იმდენად ცოტა დრო ფატალური შედეგის დადგომამდე, რომ ვერანაირი გადაყვანა იმ მომენტში ვერ იქნება დროული, - თქვა ფაღავამ.
ცნობილი კარდიოლოგი, ზურაბ ფაღავა, პირველი ექიმი იყო, ვინც იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე, სიცრუეში ღიად დაადანაშაულა და კონსილიუმი დატოვა.