საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება, რომლის გარეშეც 3+3-ის პერსპექტივები სრულად ვერ განხორციელდება - გალუზინი
საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება, რომლის გარეშეც 3+3-ის პერსპექტივები სრულად ვერ განხორციელდება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა, სანქტ-პეტერბურგში სესიაზე - „3+3 პლატფორმა: საერთო გამოწვევები და სტრატეგიული პარტნიორობა“ - განაცხადა.
მისი თქმით, განსაკუთრებით მიესალმება დისკუსიაში საქართველოს ექსპერტთა წრეების წარმომადგენლის მონაწილეობას.
„განსაკუთრებით მინდა მივესალმო ჩვენს დისკუსიაში ქართული ექსპერტული წრეების წარმომადგენლის მონაწილეობას. ჩვენთვის, და დარწმუნებული ვარ, პლატფორმის ყველა მონაწილისთვის, საქართველო კვლავ მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება, რომლის გარეშეც 3+3-ის პერსპექტივები სრულად ვერ განხორციელდება. იმედი მაქვს, რომ დროთა განმავლობაში ოფიციალური თბილისიც შემოუერთდება ჩვენს მუშაობას“, - განაცხადა გალუზინმა.
ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ “3+3“ ფორმატის (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, თურქეთი და ირანი) შემდეგი შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ბაქოში ან ერევანში ჩატარდება.