რა ფასი შეიძლება დაუჯდეს საქართველოს რუსულ-ჩინური გავლენები? — ვაშინგტონი სადაზვერვო ქსელების გამოძიებას ითხოვს
საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის გავლენები ვაშინგტონის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში ექცევა. აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტის (NDAA) პროექტი, რომელიც წარმომადგენელთა პალატამ უკვე დაამტკიცა, პენტაგონს ავალებს, 180 დღის ვადაში მოამზადოს საიდუმლო ანგარიში საქართველოში მოქმედი რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო ქსელების შესახებ. დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს საქართველოსთან ურთიერთობების ხუთწლიანი სტრატეგიის შემუშავებას, რომელმაც, სავარაუდოდ, ამერიკული ფინანსური და უსაფრთხოების მხარდაჭერის მომავალი მიმართულებებიც უნდა განსაზღვროს.
კანონპროექტში, რომლის ერთ-ერთი ინიციატორი კონგრესმენი ჯო უილსონია, საქართველოსთან დაკავშირებული კიდევ ერთი შესწორებაა შეტანილი. დოკუმენტი ეხება საქართველოში „პოლიტიკურ პატიმრებად“ მოხსენიებული პირების საკითხს და ითვალისწინებს, რომ პენტაგონმა ეს თემა თბილისთან ორმხრივი თავდაცვითი თანამშრომლობის განხილვისას გაითვალისწინოს.
მსგავსი ჩანაწერი NDAA-ში გასულ წელსაც მოხვდა, თუმცა მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისა და ვაშინგტონიდან გაკეთებული ბოლო განცხადებების ფონზე, მისი საბოლოოდ დამტკიცების შანსები გაზრდილად ფასდება. საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის გავლენებზე დღეს უკვე არა მხოლოდ კონგრესმენები, არამედ აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალი რანგის წარმომადგენლებიც საუბრობენ. ანალიტიკოსების შეფასებით, ეს მიუთითებს, რომ საქართველოსთან სამომავლო ურთიერთობების განსაზღვრისას ვაშინგტონისთვის ერთ-ერთ მთავარ საკითხად სწორედ გარე გავლენებისა და უსაფრთხოების რისკების შეფასება რჩება.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.