"ოცნების" მთავარმა პარტნიორებმა გაეროში საქართველოს დეოკუპაციის რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს - რას ამბობს ივანიშვილის გუნდი
საქართველოს დეოკუპაციის რეზოლუციას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე 107-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. თუმცა, მხარდამჭერებს შორის არ აღმოჩნდნენ „ქართული ოცნების“ მიერ სტრატეგიულ პარტნიორებად მოხსენიებული ჩინეთი და ირანი. მიუხედავად თბილისსა და პეკინს შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობისა, ჩინეთმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა. იგივე პოზიცია დაიკავა ირანმაც, რომელიც ბოლო წლებში ივანიშვილის გუნდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პარტნიორად განიხილება. ოპოზიციის შეფასებით, ეს ფაქტი "ოცნების" ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის სერიოზულ ჩავარდნაზე მიუთითებს.
გაეროს გენერალურ ასამბლეაზე „ქართულმა ოცნებამ“ პარტნიორული პოლიტიკის მორიგი გამოცდა ვერ ჩააბარა. რეზოლუციას, რომელიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირებისა და დევნილების საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლებას ეხება, მხარი არ დაუჭირა იმ ქვეყანამ, რომელსაც "ოცნების" ხელისუფლება აშშ-ის ალტერნატიულ სტრატეგიულ პარტნიორად წარმოაჩენს. ოპოზიციის შეფასებით, ივანიშვილის გუნდი ამ პოლიტიკური მარცხის გადაფარვას საერთაშორისო ინსტიტუტების კრიტიკით ცდილობს.
საქართველოს დეოკუპაციის მხარდამჭერი რეზოლუციის წინააღმდეგ ღიად რვა ქვეყანა წავიდა, მათ შორის რუსეთი, ბელარუსი, ჩრდილოეთ კორეა, კუბა და სუდანი — სახელმწიფოები, რომლებსაც დასავლეთი ავტორიტარულ რეჟიმებად მიიჩნევს და რომლებიც არაერთხელ გამხდარან საერთაშორისო კრიტიკის ობიექტები სხვა ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უგულებელყოფის გამო.
ამასთან, 55 ქვეყანამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. მათ შორის იყო შვეიცარია, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ ორ ქვეყანას შორის შუამავლის ფუნქციას ასრულებს. სწორედ შვეიცარიის მაგალითით ცდილობდნენ მმართველი გუნდის ლიდერები გაეროში მიღებული შედეგის განმარტებას და კრიტიკის მოგერიებას.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.