კობახიძე კი არა მთელი მთავრობა და პარლამენტი უნდა გადამდგარიყო - ზურაბიშვილი კორუფციაზე დასმულ კითხვას პასუხობს
კობახიძე კი არა მთელი მთავრობა, მთელი პარლამენტი უნდა გადამდგარიყო ასეთ სიტუაციაში - ასე უპასუხა საქართველსო მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კორუფციაზე დასმულ კითხვას.
ფბ-ლაივში, სადაც ზურაბიშვილი მოქალაქეების კითხვებს პასუხობდა, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა თქვა, რომ "ოცნების" დეპუტატებმა ბიზნესინტერესები უნდა მოიხსნან, რადგან ეს კანონთან წინააღმდეგობაში მოდის.
არ შეიძლება, რომ ერთდროულად კანონებს წერდე და გქონდეს ბიზნესი, რომელიც ამ კანონებით არის სწორედ მერე დაცული ან მას ეძლევა პრივილეგიები - განაცხადა ზურაბიშვილმა.
კობახიძე კი არა მთელი მთავრობა, მთელი პარლამენტი უნდა გადამდგარიყო ასეთ სიტუაციაში, იმიტომ, რომ ეს ყველას ეხება - კორუფცია. თვითონ აღიარებენ, რომ რა პრობლემა არისო, პარლამენტარიო და ამავე დროს ბიზნესი აქვსო. ეს არის კანონის დარღვევა და ყველა ნორმალურ ქვეყანაში, არა მხოლოდ გადადგომით მთავრდება, არამედ ისჯება. შენ როცა უკვე ხარ თანამდებობაზე, შენ უკვე უნდა მოიხსნა ყველანაირი ბიზნესინტერესი. არ შეიძლება, რომ ერთდროულად კანონებს წერდე და გქონდეს ბიზნესი, რომელიც ამ კანონებით არის სწორედ მერე დაცული ან მას ეძლევა პრივილეგიები. მაგრამ რომ გადადგნენ რა? - ყველამ ვიცით, რომ მმართველი არის მამა და ის ხომ ვერ გადადგება? ოფიციალური თანამდებობა არ გააჩნია და უკვე შვილებსაც ნიშნავს, ხან რეგიონში აგზავნის და ხან სად. ძალიან უცნაურ და კომიკურ სიტუაციაში ვართ რეალურად, ეს რომ არ იყოს ხალხისთვსი ტრაგიკული", - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.