,,ხელისუფლების ზეწოლას ვერ გაუძლო" - ,,ენმ"-ს მაჟორიტარი დეპუტატი სახლში გარდაცვლილი იპოვეს
პოლიტიკური ზეწოლის მსხვერპლი. ბათუმის საკრებულოს ,,ნაციონალური მოძრაობის" ახლად არჩეული დეპუტატი, 62 წლის ნუგზარ ფუტკარაძე, სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
ნუგზარ ფუტკარაძის თანაგუნდელები დარწმუნებულები არიან, რომ ახალადარჩეულმა დეპუტატმა, რომელმაც მის სამაჟორიტარო ოლქში პირველივე ტურში გაიმარჯვა, ხელისუფლების დაშინებასა და ზეწოლას ვერ გაუძლო.
ნუგზარ ფუტკარაძის შესაძლო დაშინების ფაქტზე ,,ენმ"-ს აჭარის ორგანიზაციის ლიდერმა, გიორგი კირთაძემ, 2 კვირის წინ პრესკონფერენციაც გამართა. კირთაძემ მაშინ განაცხადა, რომ სუსის თანამშრომლები ფუტკარაძეს პარტიის დატოვების სანაცვლოდ 100 ათასი ლარს ჰპირდებოდნენ.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, მურმან დუმბაძის, ინფორმაციით, ნუგზარ ფუტკარაძე მასთან საუბრებში სუს-ის ზეწოლისა და შანტაჟის შესახებ უყვებოდა.
მომიყვა, რომ ადგილობრივი არჩევნების პირველი ტურის შემდეგ მასთან მიდიოდნენ სუს-ის თანამშრომლები და ეუბნებოდნენ, ან შენ, ან შენს ძმას ვალი ხომ არ აქვსო, გაგისტუმრებთო, ვითანამშრომლოთო, სუსი მითვალთვალებსო, ის კომფორტულად არ გრძნობდა თავს - აცხადებს მურმან დუმბაძე
,,ტვ პირველის" ინფორმაციით, ნუგზარ ფუტკარაძეს ჯანმრთელობის რამე გართულებული მდგომარეობა არ ჰქონდა. გარდა ამისა, გარდაცვალებამდე 5 საათით ადრე ის პარტიის წარმომადგენლებს დაუკავშირდა და აცნობა, რომ მეორე დღისთვის თბილისში ოპოზიციის აქციაზე წასვლას აპირებდა.
,,ენმ"-ს წევრთა ინფორმაციით, სუსის ერთ-ერთი თანამშრომელი, ვინც ნუგზარ ფუტკარაძეს აშანტაჟებდა, დავით რიჟვაძეა. თანაგუნდელები აცხადებენ, რომ შესაძლო შანტაჟსა და დაშინებაზე ყველა ინფორმაციას მალე გაასაჯაროვებენ.