ექსკლუზივი: მერია ჩინოვნიკებისთვის სპეცსაშვებს არიგებს
თბილისის ელიტური რესტორნების, ბარების და სასტუმროების წინ ყოველ საღამოს სპეცსაშვებიანი მანქანების სიმრავლეა - "შაბათის ეთერის" ყურადღებას მწვანე საშვები იქცევს. ავტომობილების საქარე მინაზე დამაგრებული ამ საშვის მფლობელი მანქანას იქ აჩერებს, სადაც უნდა - არც ჯარიმას უწერენ და ვერც ევაკუატორი ეხება.
ირკვევა, რომ მსგავს საშვებს თბილისის მერია არიგებს.
მწვანე ზოლიანი საშვებით მანქანები "შაბათის ეთერმა" "ქართული ოცნების" ღონისძიებაზეც დააფიქსირა, რომელიც ოთხ ივნისს "პარაგრაფში" გაიმართა. მსგავსი საშვებით ავტომობილები TV პირველის გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდმა გადაიღო საქართველოს პარლამენტშიც, რაც ადასტურებს, რომ ნამდვილად სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებისთვის არის ისინი განკუთვნილი. ირკვევა, რომ, ჩინოვნიკებისთვის განსაკუთრებული წესები მოქმედებს: თუ ისინი კანონს არღვევენ, ჯარიმები არ ეხებათ, რიგითი მოქალაქეებისთვის კი ჯარიმების გაზრდა წესად იქცა:
- მოქალაქე, რომელიც მანქანას არასწორად გააჩერებს, 50 ლარით ჯარიმდება; თუ ავტომობილს ელექტრო დამტენის ადგილზე დააყენებს, მაშინ ჯარიმა 100 ლარია, ხოლო თუ მანქანა ევაკუატორმა გადაიყვანა, ამას კიდევ 150 ლარი ემატება.
- წელს იანვარ-მარტში თბილისში პარკირების წესების დარღვევისთვის აკრეფილი ჯარიმების მოცულობა შარშანდელთან შედარებით თითქმის ორჯერ გაიზარდა. წელს პირველ ოთხ თვეში 7 მილიონის ჯარიმა გამოიწერა.
თბილისის მერიამ "შაბათის ეთერს" დაუდასტურა ინფორმაცია, რომ ის ნამდვილად გასცემს მწვანე ზოლიან საშვებს, რომელიც ხალხისთვის აკრძალულ ადგილებში დგომის უფლებას იძლევა. მერია წერილში წერს, რომ საშვები ოპერატიული და სამძებრო საქმიანობისთვის გაიცემა. თუმცა "შაბათის ეთერმა" მერიის სპეცსაშვიანი მანქანები გადავიღეთ რესტორნებთან და სასტუმროებთან, სადაც არც სამთავრობო შეკრება იყო და არც სხვა რაიმე სახელმწიფო მნიშვნელობის ღონისძიება.
მერიის მიერ გამოგზავნილ წერილში ვკითხულობთ, რომ სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელები წერილობით მიმართავენ კახა კალაძეს, ის კი საშვის გაცემას ტრანსპორტის სააგენტოს ავალებს.
სპეცსაშვების მიზანია, ოპერატიული დანიშნულების მანქანებს არ შეექმნათ პრობლემა თუმცა, "შაბათის ეთერის" მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ სპეცსაშვიანი ავტომობილები რესტორნებთან ან ძვირადღირებულ სასტუმროებთან დგას.