უკანონო იარაღების საქმეზე კალაძის მეგობარი დაკითხეს
კახა კალაძის ახლო გარემოცვა დაკითხვაზე - ლუქს კლასის ავტომობილების ბიზნესის მფლობელი, საბა მიქავა საქართველოს გენერალური პროკურატურის მოწმეთა სიაში აღმოჩნდა.
"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, თბილისის მერის მეგობარი ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში, მთავარ საგამოძიებო უწყებაში რამდენიმე კვირის წინ დაიბარეს.
ბიზნესმენი ადასტურებს, რომ გამომძიებლები მისი და ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზატორობაში მსჯავრდებული დავით მიქაძის კავშირებით დაინტერესდნენ. საბა მიქავა აღნიშნავს, რომ ამ უკანასკნელთან მეგობრობდა და ხშირადაც ხვდებოდა.
- საქმე, რომლის გამოც ბიზნესმენს მოწმის სტატუსი აქვს, გაუჩინარებულ იარაღებს ეხება - საგამოძიებო უწყება ამტკიცებს, რომ სწორედ მიქავას დაცვის უფროსია ის პირი, ვის სახელზეც ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულმა დავით მიქაძემ და მისმა დაცვის უფროსმა, დავით ჩუბინიძემ 2022 წელს 5 ცეცხლსასროლი იარაღი იძულებით გააფორმეს.
საქმის პროკურორი, ქეთევან სონიძე ირწმუნება, რომ საბა მიქავას დაცვის წევრთან, დავით მიქაძე ახლო კავშირში წინასწარი განზრახვით შევიდა და მისი კეთილგანწყობაც მოიპოვა. მოგვიანებით კი ვახტანგ კობიაშვილს მიქაძემ იარაღების ჩუქება შესთავაზა, თანხა შუამავალს, მისივე დაცვის უფროსს, დავით ჩუბინიძეს გაატანა და 2022 წლის ივნისის ჩათვლით საბა მიქავას მცველის სახელზე 5 ცეცხლსასროლი იარაღი გაფორმდა.
საბა მიქავა მისი მცველის და დავით მიქაძის ნაცნობობას ადასტურებს, თუმცა იარაღების ჩუქების შესახებ არაფერი არ იცის. "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, მიქავას დაცვის ყოფილმა უფროსმა, 36 წლის ვახტანგ კობიაშვილმა გამოძიებას დავით მიქაძის ტერაქტის შესახებ ინფორმაცია უკვე მიაწოდა. მან გამომძიებლებს დეტალურად უთხრა, როგორ აჩუქეს იარაღები, გააფორმებინეს, რამდენიმე თვეში კი მისივე სახლიდან ძალის გამოყენებით და მუქარით წაიღეს.
ჩვენებაში კობიაშვილი ირწმუნება, რომ სახლიდან იარაღების გატანის შემდეგ, მას დავით მიქაძე დაუკავშირდა და პოლიციაში ცრუ შეტყობინების გაკეთებაც აიძულა, რომ თითქოს დაუდგენელმა პირმა, მისი ბინიდან 5 ცეცხლსასროლი იარაღი მოიპარა. მიქაიას დაცვის ყოფილი უფროსი ჩვენებაში წერს, რომ პოლიციაში ცრუ შეტყობინების გაკეთების შემდეგ, მას დავით მიქაძე მის დაცვის უფროსთან, დავით ჩუბნინიძესთან ერთად შეხვდა და დაემუქრა, რომ თუ ამ ამბავს გაამხელდა "გააფრობდნენ".
კობიაშვილმა მომხდარიდან 5 წლის თავზე პროკურატურას უთხრა, რომ მუქარის გამო იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა.
პოლიციას დაკარგული 5 იარაღის საქმე გამოძიებული არ აქვს - იარაღების ნაწილს პროკურატურა ახლაც ეძებს. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, მინიმუმ 5 ცეცხლსასროლი იარაღი დაკარგვის მოტივით, რეგისტრაციიდან გააქრეს და არავინ იცის, ვინ რა დანაშაულის ჩასადენად გამოიყენა.
"ფორცა თბილისის" მფლობელის, საბა მიქავას გვარი საზოგადოების ყურადღების ცენტრში რამდენიმე თვის წინაც მოექცა, მაშინ მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ MMA-ს ჩეჩენი მებრძოლის, ხამზატ ჩიმაევისთვის Ferari კახა კალაძემ აჩუქა, თუმცა 20 სექტემბერს "ტვ პირველის" ეთერში გასულ რეპორტაჟში განაცხადა, რომ ნამდვილად მან აჩუქა ხამზათ ჩიმაევს Ferrari. ამას გარდა, დაადასტურა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის კანონიერი ქურდის, ტარიელ მიქავას (კემე) შვილია და მამამისი 2002 წელს გარდაიცვალა.