საქართველო ახალ დიპლომატიურ სკანდალში ეხვევა - თბილისში კიდევ ერთი უკრაინელი ჟურნალისტი არ შემოუშვეს

18.11.21 17:16
საქართველო ახალ დიპლომატიურ სკანდალში ეხვევა - თბილისში კიდევ ერთი უკრაინელი ჟურნალისტი არ შემოუშვეს

საქართველო ახალ დიპლომატიურ სკანდალში ეხვევა - თბილისში კიდე ერთი უკრაინელი ჟურნალისტი არ შემოუშვეს. უკრაინის ქართული ლეგიონის მეთაურთან ერთად საქართველოში ჩამოსული უკრაინელი ბლოგერი, ვლადიმირ ზოლკინი, აეროპორტიდანვე გააბრუნეს.   ჟურნალისტი მიხეილ სააკაშვილის მძიმე მდგომარეობის შესახებ მასალების მომზადებას გეგმავდა. 

უკრაინელი ბლოგერი ამბობს, რომ საქართველოში შემოსასვლელად ყველა დოკუმენტაცია მწყობრში ჰქონდა, თუმცა მესაზღვრეებმა ის უკან მაინც გააბრუნეს და არც უარის მიზეზები განუმარტავთ. 

მოგესალმებით, მე უკან კიევში მივფრინავ, რადგან საქართველოს საზღვარზე საპასპორტო კონტროლი ვერ გავიარე, ყველა დოკუმენტი წესრიგში მქონდა, ვაქცინაციის ბარათიც. მესაზღვრეებს ვუთხარი, რომ ვარ ჟურნალისტი, ამასთან მათ ვაჩვენე უკრაინის საელჩოს აკრედიტაცია, რათა მქონოდა შესაძლებლობა, საქართველოში არსებულ პროცესებს დავკვირვებოდი. დაახლოებით 40 წუთი დამაყოვნეს, შემდეგ კი ისევ იმ თვითმფრინავში ჩამსვეს, რომლითაც ჩამოვფრინდი, - ამბობს  ვლადიმერ ზოლკინი ვიდეომიმართვაში, რომელსაც თვითმფრინავიდან ავრცელებს. 

რაც შეეხება ქართული ლეგიონის მეთაურს, მამუკა მამულაშვილს, ის საქართველოში უკრაინის მოქალაქის პასპორტით შემოუშვეს. მამულაშვილი ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო პროცესებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს. 

 ჩემი ვიზიტი უკავშირდება იმას, რომ ჩვენთვის და საერთოდ ადამიანებისთვის, ვინც საქართველოს ინტერესებს იცავს საზღვარგარეთ, ძალიან მნიშნელოვანია, რომ ასევე მივიღოთ მონაწილეობა იმ პროცესებში, რაც ხდება ჩვენს სამშობლოში. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ მშვიდობიანად საპროტესტო აქციებს გვინდა, დავუდგეთ გვერდში. რა თქმა უნდა, ვაპროტესტებთ იმასაც, ყველა ქართველში იწვევს პროტესტს დღეს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაკავებულია და ექცევიან ასე უდიერად. ეს არის ყველანაირი დემოკრატიული ღირებულებების გადათელვა და მე მგონია, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში ასეთი რაღაცა არ უნდა ხდებოდეს, - განაცხადა მამულაშვილმა.