11 ივნისის მოლაპარაკებები ბრიუსელში - ექსპერტები უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერების რისკებზე საუბრობენ

08.06.26 12:03
11 ივნისის მოლაპარაკებები ბრიუსელში - ექსპერტები უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერების რისკებზე საუბრობენ

 

 

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერების საკითხზე დისკუსია კვლავ აქტიურდება. ექსპერტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეფასებით, "ოცნების" ხელისუფლების მიერ ევროკავშირის რეკომენდაციების შეუსრულებლობა ვიზალიბერალიზაციის რეჟიმს რისკის ქვეშ აყენებს. ამ ფონზე, 11 ივნისს ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრას დიპლომატიურ წრეებში საქართველოსთვის მნიშვნელოვან სიგნალად განიხილავენ. 

გია ჯაფარიძის განცხადებით, უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება ორმხრივ ვალდებულებებს ეფუძნება და მისი პირობების დარღვევა ევროკავშირის მხრიდან შესაბამის რეაგირებას ბუნებრივად განაპირობებს.

ამ შეთანხმებას ჰყავს ორი მხარე - ევროპის კავშირი და საქართველო. შეთანხმებას აქვს თავისი პირობები. როდესაც ნებისმიერი შეთანხმების პირობებს ერთი მხარე არღვევს, ძალიან ბუნებრივია, რომ მეორე მხარი დიდი ხანი ამ შეთანხმებაში ვერ გაჩერდება. "ქართული ოცნება" უკვე რამდენიმე წელია ევროპასთან უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების პირობებს, ჩემი აზრით, მიზანმიმართულად არღვევს. ევროპის კავშირს ამასტან დაკავშირებით აქვს, მე ვიტყოდი, ძალიან ზომიერზე დაბალი რეაქცია, მაგრამ არაფერია უსასრულო და რაღაც მომენტში, ცხადია, ევროპის კავშირის ლიმიტიც ამოიწურება, - ამბოს გია ჯაფარიძე.

ანალიტიკოსი გიორგი მელაშვილი მიიჩნევს, რომ "ოცნების" ხელისუფლებამ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული რეკომენდაციები არ შეასრულა, რის გამოც საქართველოსთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების რისკი გაიზარდა. 

"ქართულმა ოცნებამ" არ შეასრულა არცერთი რეკომენდაცია, რომელიც არსებობდა ვიზალიბერალიზაციის საკითხებთან დაკავშირებით და შესაბამისად, გაიზრდა იმის ალბათობა, რომ მოხდება ამ საკითხის საქართველოსთვის უარყოფითად განხილვა. ნაკლებად მოსალოდნელია, რომ უახლოეს პერიოდში ევროკავშირმა მიიღოს ეს გადაწყვეტილება, რადგან ჯერ უნდა გამოიცეს ანგარიში შესაბამისი, მაგრამ თუ ამ დიალოგის ფარგლებშ "ოცნებასა"დ ა ევროკავშირს შორის ვერ მოხერხდება საერთო შეხების წერტილების აღმოჩენა, ვიზალიბერალიზაცია გაუქმება ან შეჩერება საქართველოს სრულიად მოსახლეობისთვის, სამწუხაროდ, დღის წესრიგში უფრო აშკარად გამოჩნდება, - ამბობს გიორგი მელაშვილი.

დიპლომატი ზვიად ჭუმბურიძე ყურადღებას ამახვილებს ევროკავშირის ქვეყნებში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების როლზე და აღნიშნავს, რომ მათი ფინანსური გზავნილები ქვეყნის ეკონომიკასა და ათასობით ოჯახის კეთილდღეობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. 

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დაახლოებით, მილიონზე მეტი მოქალაქეა ევროპული კავშირის ქვეყნებში, რაც ნიშნავს, რომ სწორედ ის მოქალაქეები ავსებენ და აძლევენ საშუალებას ჩვენს მოქალაქეებს, რომ იცხოვრონ ნორმალურ პირობებში, მე ვგულისხმობ მატერიალურ პირობებს, იმიტომ, რომ მათი გზანილები მოქმედებს ბიუჯეტზე, მოქმედებს ეკონომიკის განვითარებაზე, მოქმედებს რიგითი მოქალაქეების ცხოვრების დონის განვითარებაზე, - ამბობს ზვიად ჭუმბურიძე.

"ქართული ოცნება" 11 ივნისს ბრიუსელში მოლაპარაკებვისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო და დიასპორის  დირექტორს, გიორგი ტაბატაძეს აგზავნის.  

დიპლომატიურ წრეებში 11 ივნისის შეხვედრა განიხილება, როგორც ბოლო გაფრთხილება საქართველოსადმი - უვიზო მიმოსვლის დაკარგვის შესახებ, რასაც არ სჭირდება ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყნის თანხმობა და კვალიფიციური უმრავლესობაც საკმარისია.

 

მსგავსი სიახლეები