მთავრობა უცხოელ სტუდენტთა მიღების წესებს ამკაცრებს - კანონპროექტი

08.06.26 12:01
მთავრობა უცხოელ სტუდენტთა მიღების წესებს ამკაცრებს - კანონპროექტი

უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის მსურველ უცხოელებს დამატებითი მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ - შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული ცვლილებების მნიშვნელოვანი ნაწილი უცხოელი სტუდენტების მიღების წესებს ეხება.

კანონპროექტის მიხედვით, სტუდენტებს საერთაშორისო ენობრივი სერტიფიკატის წარდგენა ან ეროვნული შეფასებისა და გამოცდების ცენტრის (NAEC) მიერ ორგანიზებული უცხო ენის ან სახელმწიფო ენის გამოცდის ჩაბარება მოუწევთ.

შსს-ში განმარტავენ, რომ ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს ისეთი შემთხვევების პრევენციას, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქე ფორმალურად ირიცხება სასწავლებელში, თუმცა რეალურად სასწავლო პროცესში არ მონაწილეობს.

საქართველოს მთავრობა საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის უცხოელი სტუდენტების მიღების მაქსიმალურ კვოტებს დაადგენს. უნივერსიტეტები და პროფესიული სასწავლებლები კი ვალდებული იქნებიან, უცხოელი სტუდენტების ჩარიცხვის, სტატუსის შეჩერების, შეწყვეტის, აღდგენის, მობილობისა და სწავლის დასრულების შესახებ ინფორმაცია ერთიან საინფორმაციო სისტემაში ასახონ, რომელზეც შესაბამის სახელმწიფო უწყებებს ექნებათ წვდომა.

მსგავსი სიახლეები