ჩამოუყალიბდათ „ლუზერის“ ფსიქოლოგია - ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი, უფრო მეტად ჩემს ოპოზიციად გადაიქცა, ვიდრე ივანიშვილის - სააკაშვილის მიმართვა
„ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი, უფრო მეტად ჩემს ოპოზიციად გადაიქცა, ვიდრე ივანიშვილის ოპოზიციად“, — ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ისაუბრა.
სააკაშვილის შეფასებით, ოპოზიციური სპექტრის ნაწილს „დამარცხებულის ფსიქოლოგია“ ჩამოუყალიბდა, რაც "ოცნების"ს წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას აფერხებს. მისივე თქმით, ივანიშვილის ხელისუფლების დასამარცხებლად აუცილებელია საზოგადოებრივი და პოლიტიკური ერთიანობა, ხოლო პირადი ამბიციები ქვეყნის ინტერესებზე მაღლა არ უნდა დადგეს.
ჩვენ უნდა გაგვიჩნდეს გამარჯვებულის ფსიქოლოგია, სამწუხაროდ, იმ ხალხს, მათ შორის ოპოზიციიდან, ვინც მე მაკრიტიკებს, ჩამოუყალიბდათ „ლუზერის“ ფსიქოლოგია, რომ არაფერი გვეშველება. შევარდნაძის დროსაც ასე იყო, გოგი თოფაძე იყო მაშინ პარტიის ლიდერი და იძახდა, რომ „შევარდნაძე ყოველთვის იქნება და სხვა უნდა მოვნახოთო“. დღესაც, ხალხი ამბობს, რომ ესენი ისედაც იქნებიან, ამიტომ ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი, უფრო მეტად ჩემს ოპოზიციად გადაიქცა, ვიდრე ივანიშვილის ოპოზიციად და ეს სასაცილოა, მაგრამ მე არ მეცინება. ვიცი, რომ გისოსებს მიღმა მყოფი, ვერ შევძლებ, რომ ეს რეჟიმი მარტომ დავამარცხო. ამისათვის მე თავისუფალი გადაადგილება მჭირდება. თუ სახალხო ერთიანობა იქნება, მაშინ მე, ჩემს წვლილსაც შევიტან და აუცილებლად დავამარცხებთ ამ რეჟიმს. თუ ჩვენ მკაფიო, თავისუფალი, პროდუქტიული გადასვლა გვინდა ამ უბედურებიდან, ბედნიერი მომავლის მოდელისკენ, ყველამ ეგოზე მაღლა ქვეყნის ინტერესები უნდა დააყენოს. დრო გავა, ეგოები ჩაგიცხრებათ, ბევრი წავა, მაგრამ ბევრად მეტიც მოვა, მაგრამ ქვეყანა თუ დავკარგეთ მერე გარჩევები და ხელის ქნევები ძალიან გვიანი იქნება. ჩვენი ამოცანა მარტივია, რომ საშუალება არ მივცეთ მთელი ქვეყანა დაამსგავსონ ივანიშვილის რაღაც ქაოსურ იდიოტურ ბანდას. შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ყველა ერთმანეთს ჭამს და აღარ გვინდა ამის დანახვა. ეს შეკვეთას უფრო ჰგავს. ამიტომ, ჩვენი ამოცანაა, რომ ივანიშვილმა არ შეგვათრიოს თავის ბაზაზე.... მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. მინდა ყველა პოლიტპატიმარს ვუსურვო გამარჯვება“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.