საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ძირს უთხრის ვიზალიბერალიზაციის საფუძვლებს - ევროკომისიის სპიკერი

08.06.26 15:03
საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ძირს უთხრის ვიზალიბერალიზაციის საფუძვლებს - ევროკომისიის სპიკერი

 

 

ევროკომისიის სპიკერის, მარკუს ლამერტის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ძირს უთხრის იმ პრინციპებს, რომლებზეც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმია დაფუძნებული, მათ შორის ადამიანის უფლებების პატივისცემასა და დემოკრატიულ ღირებულებებს.

მისი თქმით, სწორედ ამ საკითხების გამო დაიწყო ევროკავშირსა და საქართველოს შორის ე.წ. გაძლიერებული დიალოგი, რომლის ფარგლებშიც ბრიუსელი თბილისთან არსებულ პრობლემურ საკითხებს განიხილავს.

კონტექსტისთვის, 2026 წლის მარტში, წევრი ქვეყნების თანხმობის შემდეგ, კომისიამ 12 თვის ვადით შეუჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს. როდესაც უვიზო მიმოსვლის შეთანხმება ჩერდება, კომისია შესაბამის მესამე ქვეყანასთან აყალიბებს ე.წ გაძლიერებულ დიალოგს. ამის მიზანია იმ გარემოებების გამოსწორება, რომლებმაც შეჩერება გამოიწვია. სწორედ ამ კონტექსტში, 11 ივნისს გაიმართება პირველი შეხვედრა ევროკომისიასა და საქართველოს ოფიციალური პირების დელეგაციას შორის. აი, რას ეხება ეს შეხვედრა. შეგახსენებთ, კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ძირს უთხრის იმ პრინციპებს, რომლებსაც ეფუძნება ვიზალიბერალიზაცია, მათ შორის ადამიანის უფლებების პატივისცემასა და დემოკრატიულ პრინციპებს. ეს ქმედებები შეუსაბამოა ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან და აფერხებს ეკონომიკური, ჰუმანიტარული, კულტურული, სამეცნიერო და სხვა სახის კავშირების სტაბილურ განვითარებას ევროკავშირსა და საქართველოს შორის, - განაცხადა ლამერტმა.

"ქართული ოცნება" 11 ივნისს ბრიუსელში მოლაპარაკებვისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო და დიასპორის  დირექტორს, გიორგი ტაბატაძეს აგზავნის.  

დიპლომატიურ წრეებში 11 ივნისის შეხვედრა განიხილება, როგორც ბოლო გაფრთხილება საქართველოსადმი - უვიზო მიმოსვლის დაკარგვის შესახებ, რასაც არ სჭირდება ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყნის თანხმობა და კვალიფიციური უმრავლესობაც საკმარისია.

მსგავსი სიახლეები