ცესკოს დამატებით 22.3 მილიონს გამოიყოფენ, ფულის ნაწილი შენობის რემონტზე დაიხარჯება
2027 წელს ცესკოს დაფინანსება 22.3 მილიონი ლარით, 68.5 მილიონ ლარამდე უნდა გაიზარდოს - ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წარდგენილ 2027 წლის ბიუჯეტის პროექტს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა.
ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი შარაბიძე ამბობს, რომ მომდევნო წელი 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების წელი იქნება, რის გამოც ცესკო საქმიანობის გააქტიურებას გეგმავს.
შარაბიძის თქმით, ცესკო კომპიუტერული აღჭურვილობის განახლებას, თანამშრომელთა გადამზადებას, ასევე ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფისის ფასადის გარემონტებას გეგმავს. ცნობილია თანხა, რომელიც ოფისის რემონტისთვის დაეხარჯება - ეს 1.7 მილიონი ლარია.
2027 წელს 22.7 მილიონი ლარი შტატით დასაქმებულ პირებზე, ხოლო 11 მილიონი ლარი შტატგარეშე მოხელეთა ანაზღაურებებზე მიიმართება. რაც შეეხება ოფისის ხარჯებს, ამისთცის გათვალისწინებულია 5.2 მილიონი ლარი, საიდანაც 1.7 მლნ ლარი რემონტზე, 1.8 მილიონი ლარი კი IT ინფრასტრუქტურაზე დაიხარჯება.
რაც შეეხება 2028-2030 წლების საბიუჯეტო პროექტს, 2028 წელს საპარლამენტო არჩევნებისთვის ცესკოს ბიუჯეტი 139 მილიონ ლარამდე გაიზრდება, 2029 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წელს ბიუჯეტი 145 მილიონ ლარს მიაღწევს, 2030 წლისთვის კი ბიუჯეტი 71.5 მილიონ ლარამდე შემცირდება.