უვიზო რეჟიმის შეჩერების საფრთხე - ივანიშვილის გუნდი დემოკრატიისთვის ძირგამომთხრელ ძალად გამოაცხადეს
"ქართული ოცნება" ევროკავშირმა დემოკრატიისთვის ძირგამომთხრელ ძალად გამოაცხადა. ამ განწყობით იწყება 11 ივნისს მოლაპარაკებები თბილისსა და ბრიუსელს შორის უვიზო მიმოსვლაზე. ბრიუსელში ამბობენ, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შენარჩუნებას სჭირდება მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილება, რასაც ბრიუსელი ვერ ხედავს.
რაც არ თქვა ევროკომისიამ, "პირველებთან" ინტერვიში დააკონკრეტა, რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს უფროსმა, რომელსაც ევროკომისიაში სანდო წყაროები ჰყავს. რიკარდ იოზვიაკი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველო შესაძლოა გახდეს სატესტო ქვეყანა, ვის მიმართაც ევროკავშირი უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმს აამოქმედებს, რადგან არაერთი მცდელობის მიუხედავად ლანძღვის გარდა თბილისისგან ბრიუსელი სხვა პასუხს ვერ იღებს.
11 ივნისს დაგეგმილი დიალოგი "ქართული ოცნებისთვის" უკანასკნელი გაფრთხილება იქნება. ივანიშვილის პარტიას რეპრესიული კანონების გასაუქმებლად და ევროკავშირის წინააღმდეგ მტრული რიტორიკის შესაჩერებლად ვადა წლის ბოლომდე აქვს, ვიდრე ევროკომისიის წლიური ანგარიში გამოქვეყნდება. ამ ანგარიშში გაცემული დასკვნა, პრაქტიკულად იქნება წინაპირობა, გამოიყენებენ თუ არა უვიზო რეჟიმის შეჩერების ბერკეტს პირველად, სწორედ ივანიშვილის რეჟიმის ანტიდემოკრატიული ნაბიჯების საპასუხოდ. დღის წესრიგიდან არც ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ დასაწესებელი სანქციები მოხსნილა.