ბიუჯეტის მილიონები "ოცნების" დეპუტატს - შოთა ბერეკაშვილის კომპანიამ 24 მილიონიან ტენდერში გაიმარჯვა
როგორ ხვდება ბიუჯეტის ფული ისევ "ოცნების" დეპუტატების ხელში?! შოთა ბერეკაშვილის კომპანიამ 2 კონტრაქტი თბილისის განვითარების ფონდისგან ერთდროულად მიიღო. 24 მლნ ლარიან შესყიდვებში "ბკ კონსთრაქშენი" ერთადერთი მონაწილე იყო და კონკურენტი არ ჰყავდა. ჩარგლის და შუამთის ქუჩებზე ბერეკაშვილის კომპანიამ ავარიული კორპუსები ახლებით უნდა ჩაანაცვლოს. მკვლევარები ფიქრობენ, რომ უკონკურენტოდ მიღებული ეს კონტრაქტები "ოცნების" დეპუტატის გავლენებისა და წინასწარ შეთანხმების დამსახურებაა.
როცა საქმე კორუფციის რისკებს ეხება, "ქართული ოცნების" არგუმენტია, რომ დეპუტატები ბიზნესს თავად აღარ მართავენ. რა ხდება ბერეკაშვილის შემთხვევაში? - "ბკ ქონსთრაქშენს" "ბკ ჰოლდინგი" ფლობს, სწორედ ამ კომპანიის 50 პროცენტიანი წილი ბერეკაშვილს სამართავად ცოლისთვის მაკა კვიციანისთვის აქვს გადაბარებული, კვიციანი მერის ცოლთან ანუკი არეშიძესთან მეგობრობს. ავარიული კორპუსების ჩანაცვლება კი სწორედ მერიის პროექტია. ეს ფაქტებიც საკმარისია იურისტებისთვის, დასვან კითხვა, შედგა თუ არა გარიგება?!
ბერეკაშვილის კომპანიას ავარიული სახლების კონტრაქტი პირველად არ მიუღია, წლების განმავლობაში უკვე 67 მლნ-ს გადააჭარბა ბიუჯეტიდან მიღებულმა თანხამ. მკვლევარები დარწმუნებულები არიან, რომ "ქართული ოცნება" ბაზარს ხელოვნურად კეტავს და კონკურენციას აქრობს, კონკურსი კი, რომელსაც თბილისის განვითარების ფონდი ავარიული სახლების ჩანაცვლებისთვის ატარებს, მხოლოდ ფორმალობაა.