"ყველაზე დიდი ცოდვილი ამ ქვეყანაში" - ირაკლი კუპრაძის პასუხი კობახიძეს

08.06.26 23:03
"ყველაზე დიდი ცოდვილი ამ ქვეყანაში" - ირაკლი კუპრაძის პასუხი კობახიძეს

"ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე ირაკლი კობახიძის განცხადებას პასუხობს, რომლის თქმითაც "ლელომ" 2024 და 2020 წლებში საპარლამენტო მანდატებით სარგებლობაზე უარი თქვა და ამ "პოლიტიკურ დანაშაულს", "ამ ცოდვას" მარტივად ვერ მოიშორებს. 

ირაკლი კუპრაძის თქმით, კობახიძე თავად არის ქვეყანაში ყველაზე დიდი ცოდვილი და ყველაზე მძიმე ცოდვებში ბრალდებული. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ ირაკლი კობახიძის ინტერესი ბიძინა ივანიშვილისთვის ძალაუფლების შენარჩუნებაა და ის, რომ ვინმეზე საუბრობს "იუმორისტულ ჟანრშია". 

ყველაზე დიდი ცოდვილი ამ ქვეყანაში, ყველაზე მძიმე ცოდვებში ბრალდებული ირაკლი კობახიძე რომ ვინმეზე ილაპარაკებს, ჩვეულებრივად იუმორისტულ ჟანრშია იმიტომ, რომ ეს ადამიანი არ არის ადეკვატური, ეს ადამიანი არ არის თავისუფალი, ეს ადამიანი არ არის ამ ქვეყნის ინტერესებზე მორგებული საჯარო პირი. მას აინტერესებს მხოლოდ და მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნება მისი უფროსისთვის, ხვალ რომ გამოვიდეს კობახიძის უფროსი ივანიშვილი და თქვას, რომ კობახიძე არის ნაძირალა, დაეთანხმება კობახიძე - კი, ნაძირალა ვარ. აუცილებლად ყველაფერში დაეთანხმება ისევე, როგორც ღარიბაშვილი რომ გამოაცხადა ვიღაცა ოპოზიციონერებმა პოლიტპატიმრად და მერე ღარიბაშვილის ოჯახმა უარყო - რა პოლიტპატიმარი, არა, კარგად და სამართლიანად ზისო - ეგ კატეგორიაა. მონური მორჩილების ესეთი მაჩვენებელი მე არ ვიცი რა შეიძლება იყოს. კობახიძე ვერაფერზე და ვერავისზე სერიოზულად ვერ ილაპარაკებს, მიუხედავად იმისა, რომ ძალაუფლება უპყრია ახლა ხელში. რა შეიძლება გააკეთოს კობახიძემ და თქვას ისეთი, რომელიც შეიძლება ადეკვატური, განათლებული, ინტელექტუალი მოქალაქისთვის იყოს მისაღები, გასაგები და მიზანშეწონილი. ჩვენზე კობახიძე ვერასდროს ვერ ილაპარაკებს იმიტომ, რომ ჩემ გუნდში არიან ადამიანები, პროფესიონალები, რომლებიც მათ შორის წინა ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ, ამ ხელისუფლების ოპოზიციაში არიან და არასდროს კომპრომისზე არ წასულან საკუთარ თავთან," - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ. 

მანამდე ირაკლი კობახიძემ "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოზიცია შეაფასა, რომ არც ერთ სისტემაში ბოიკოტს არ მოუცია შედეგი ოპოზიციისთვის.

რა თქვა კობახიძემ:

"ლელოც" იყო ამ საბოტაჟის ერთ-ერთი მონაწილე. ასე დაავალეს, მათ შორის ყოფილი ადმინისტრაციიდან და ასე იმოქმედეს. თვითონ თქვეს უარი მანდატებზე. აქედან გამომდინარე, ახლა "ლელო" სხვას რომ ესაუბრება, აბსოლუტურად ალოგიკურია. თვითონ იყვნენ ამ პოლიტიკური დანაშაულის თანამონაწილეები, თვითონაც თქვეს უარი 2024 წელს და მანამდეც, 2020 წელს საპარლამენტო მანდატებით სარგებლობაზე. შესაბამისად, "ლელოც" არის ამ დანაშაულის თანამონაწილე. რაც უთხრეს, რაც დაუკვეთა უცხოურმა აგენტურამ, ის შეასრულეს. ახალ ადმინისტრაციას აქვს განსხვავებული მიდგომა და შესაბამისად, "ლელოს" ნაწილმა გადაწყვიტა განსხვავებული მესიჯებით ისაუბროს, თუმცა ეს მათ დანაშაულს ვერ გაასუფთავებს. მათ ჩაიდინეს პოლიტიკური დანაშაული, საკუთარი ქვეყნის, საკუთარი სახელმწიფოს წინაშე და ამ ცოდვას ასე მარტივად ვერ მოიშორებს "ლელო", რომელიც იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკური დანაშაულის პირდაპირი თანამონაწილე.

რაც შეეხება მანდატების გამოყენებას, ჩვენ ვნახოთ, 2028 წელს რა მოხდება, რომელი პარტიები მიაღწევენ 2028 წლის არჩევნებამდე. ეს საკონსტიტუციო სასამართლოზეც არის დამოკიდებული. შემდეგ ვნახოთ, არჩევნებამდე მიღწეული პარტიებიდან ვინ ისარგებლებს და ვინ არ ისარგებლებს მანდატებით," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. [შიფრი: Ipn.ge]

მსგავსი სიახლეები