„ფრონტერას“ ინვესტორი ჯო უილსონს საქართველოს საკითხზე შეხვედრას სთხოვს

09.06.26 13:46
„ფრონტერას“ ინვესტორი ჯო უილსონს საქართველოს საკითხზე შეხვედრას სთხოვს

„ფრონტერას“ ინვესტორი სტივ ნიკანდროსი რესპუბლიკელ კონგრესმენ ჯო უილსონს საქართველოს საკითხზე შეხვედრას სთხოვს. ამის შესახებ ამერიკელი ჟურნალისტის, ლორა კელის მიერ გავრცელებული წერილიდან ირკვევა.

ნიკანდროსი, რომელიც დღეს კომპანია TXN Energy-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელია, წერილში აღნიშნავს, რომ სურს კონგრესმენთან საქართველოსა და აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე, ქვეყნის საინვესტიციო გარემოსა და რეგიონულ ენერგოუსაფრთხოებაზე ისაუბროს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უილსონის ბოლო შეფასებებს საქართველოს მიმართულებით არ ეთანხმება, პატივს სცემს მის მრავალწლიან ინტერესსა და საქმიანობას.

„წლების განმავლობაში დიდი ინტერესით ვადევნებდი თვალს საქართველოსთან დაკავშირებით თქვენს განცხადებებსა და საკანონმდებლო ინიციატივებს. მიუხედავად იმისა, რომ პატივისცემით არ ვიზიარებ თქვენს ბევრ ბოლო დასკვნას ქვეყნის ამჟამინდელ მიმართულებასთან დაკავშირებით, მე პატივს ვცემ თქვენს მრავალწლიან ინტერესს რეგიონის მიმართ“, — წერს ნიკანდროსი.

წერილში იგი ხაზს უსვამს, რომ TXN Energy საქართველოს ნავთობისა და გაზის სექტორში ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკული ინვესტორია და 1997 წლიდან ქვეყანაში 500 მილიონ დოლარზე მეტი აქვს დაბანდებული. ნიკანდროსის განცხადებით, კონგრესმენისთვის კერძო სექტორის მხრიდან საქართველოს შესახებ „უნიკალური ხედვის“ გაზიარება სურს.

სტივ ნიკანდროსი საქართველოში წარსულში „ფრონტერასთან“ დაკავშირებული საქმიანობით იყო ცნობილი. IFACT-ის ინფორმაციით, „ქართულ ოცნებასთან“ მისი ურთიერთობების დათბობას წინ უძღოდა გადაწყვეტილება, რომლის შედეგადაც მის კომპანიას მრავალმილიონიანი დავალიანების გადახდა არ მოუწია. ამერიკულ მედიაში ასევე ვრცელდებოდა ცნობები, რომ ნიკანდროსი სენატში MEGOBARI Act-ის დაბლოკვის მცდელობებთან იყო დაკავშირებული.

მსგავსი სიახლეები